მენოპაუზა არის ბიოლოგიური პროცესი, როდესაც ქალს აღარ აქვს ციკლი და აღარ შეუძლია ბავშვის გაჩენა, ამ დროს ქალის ორგანიზმში ბუნებრივად მცირდება რეპროდუქციული ჰორმონები, რაც ზრდის შემდეგი დაავადებების განვითარების რისკს:
- გულის და სისხლძარღვების დაავადება: როდესაც ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონი) დონე მცირდება, იზრდება კარდიოვასკულარული დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, თავის ტვინის ანევრიზმის) რისკი, განსაკუთრებით იმ ქალებში რომლებსაც აქვთ სხვა რისკ-ფატორები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე და არიან მწეველი.
- ოსტეოპოროზი: ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძვლები მყიფე და სუსტი ხდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. მენოპაუზის შემდეგ ძვლის სიმტკიცის დაკარგვა ხდება სწრაფად, რაც ზრდის ოსტეოპოროზის და ძვლების მოტეხილობის რისკს.
- შარდის შეუკავებლობა: საშარდე გზების ქსოვილის ელასტიურობა ქვეითდება, რაც იწვევს შარდის შეკავების დარღვევას და უნებლიე შარდვას სიცილის, ხველის, სიმძიმის აწევის დროს.
- წონის მომატება: ბევრი ქალი იმატებს მენოპაუზის წინ, გარდამავალ პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის შენელებით. ამ პერიოდში ქალბატონებმა უნდა მიირთვან ნაკლები და იმოძრაონ მეტი, რათა შეინარჩუნონ ნორმალური წონა.