ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს გენერალურმა დირექტორმა #ForbesHEALTH -ის პანელური დისკუსიის ფარგლებში
14.04.2022
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა #ForbesHEALTH პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა,სადაც წამყვანი კლინიკების მენეჯერებთან ერთად ჯანდაცვის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე, პოსტ-კოვიდის მართვის ახალ რეჟიმსა და სახელმწიფოსთან მიმდინარე დისკუსიის პროცესზე ისაუბრა. მხარეებმა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეგულაციების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, კოვიდმართვის რეჟიმიდან ამორთვის პროცესში კლინიკები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას.

„არსებული გეოპოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც კერძო სექტორი დგას, ვფიქრობთ, რთულია, გვქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ერთ დღეს უცებ გაზრდის ტარიფებს, გაზრდის დაფინანსებას და ახალ განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით. გარკვეულწილად, ეს შეუძლებლადაც მიმაჩნია; თუმცა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ არსებობს პოტენციალი, სახელმწიფო დაფინანსება უფრო ეფექტურად და სწორად გადანაწილდეს. მისასალმებელია სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვის სერვისების ფასწარმოქმნის უფრო სამართლიან სისტემაზე გადასვლის თაობაზე, როგორიცაა დიარჯი - სისტემა, როდესაც ნებისმიერ პროცედურაზე კლინიკას ექნება სწორად გათვლილი საფუძველი და ეცოდინება პაციენტს, თუ რა დონის სერვისსა და მკურნალობას მიიღებს. ამ სისტემაზე სამინისტროს მხრიდან მუშაობა უკვე დაწყებულია. ფასწარმოქმნის აღნიშნული სისტემის დანერგვა ყველა კლინიკას თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს, ამავდროულად, დიარჯი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების სტიმულირების გარანტია“, - აღნიშნა მან.

ზურაბ ქიტოშვილის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად გადაიარაღებას საჭიროებს, თუმცა, თუ მისი სტიმულირება არ მოხდა, რათა აღნიშნული სიახლეები დანერგოს და ინვესტიციები განხორციელდეს, ტექნოლოგიური განახლება ვერ მოხდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის საუბარია „ბიზნესის გადარჩენის ფორმულის შემუშავებაზე და არა დივიდენდების გენერირებაზე, რათა სექტორმა ფუნქციონირება გააგრძელოს და მოსახლეობის საჭიროებები დააკმაყოფილოს“. „მიმაჩნია, რომ აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად არსებობს პოტენციალი, თუნდაც იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რომელსაც განკარგავს სახელმწიფო, მოხდეს სწორი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაზღვევო კომპონენტის გააქტიურებისა და ბენეფიციარების თანადაფინანსების გათვალისწინებით", - განმარტავს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი.

ზურაბ ქიტოშვილის თქმით, თუ პანდემიის პიკურ პერიოდში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან აქტიურად და ეფექტურად თანამშრომლობდა, როცა არ არსებობდა „მხარე“ და ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდა, კლინიკების კოვიდმართვიდან ამორთვის პერიოდიც ამგვარი ფორმატით უნდა გაგრძელდეს, რაც გრძელვადიან პერიოდში დარგის გადარჩენა-განვითარებისთვის სწორი სტრატეგიული მიდგომაა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის მასშტაბით არსებული სამედიცინო ცენტრები, რომლებიც კოვიდ კლინიკების ფორმატში ფუნქციონირებდა, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.


წყარო:
https://www.youtube.com/watch?v=Hda_xUl8TSU&t=3919s
https://www.interpressnews.ge/ka/article/706390-jeo-hospitalsis-generaluri-direktori-klinikebis-kovidmartvidan-gamosvlis-shemdgom-gamocvevebs-asaxelebs/?fbclid=IwAR3j6GGJmgiCIHez8FV5slhvQ9GW4QZXnZFGRdGBJZwUSEnHigwR0UOlFiY
https://bm.ge/ka/article/kovidmartvis-formatidan-gasvlam-klinikebshi-likvidobis-problema-sheqmna---jeo-hospitalsis-ceo/106716
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.