ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უძილობა
უკან
დაავადების აღწერა
უძილობა არის ხანგრძლივი დარღვევა, რომელიც ძილის საშუალებისდა მიუხედავად შეუძლებელს ხდის დაძინებას ან ჩაძინების შემდეგ ძილს. უძილობის დროს თქვენ გამოუძინებელი იღვიძებთ, რაც ირეკლება თქვენს საქმიანობაზე დღის განმავლობაში. უძილობამ შეიძლება იმოქმედეს როგორც თქვენს განწყობაზე და ენერგიის დონეზე, აგრეთვე თქვენს ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

ყველა ადამიანს განსხვავებული ხანგრძლივობით სჭირდება ძილი. ზრდასრულთა უმეტესობას დღეში 7-8 საათი ძილი სჭირდება.

ბევრ ადამიანს აქვს უძილობა რაღაც მომენტში, თუმცა ზოგ ადამიანს აქვს ქრონიკული უძილობა. უძილობა შეიძლება იყოს პირველადი ან იგი შეიძლება სხვა დაავადებით ან მედიკამენტით იყოს გამოწვეული.

არ არის საჭირო ღამეების თენება. ყოველდღიური ჩვევების მცირედ შეცვლა დაგეხმარებათ დაძინებაში.
გამომწვევი მიზეზი
ინსომნიის ხშირი სიმპტომებია:

  • სტრესი. ძილის წინ შფოთვას სამსახურზე, სკოლაზე, ჯანმრთელობაზე ან ოჯახზე შეუძლია გააძნელოს ჩაძინება. სტრესულ მოვლენებს,მაგალითად ახლობლის სიკვდილს, განქორწინებას ან სამსახურის დაკარგვას შეუძლია გამოიწვიოს უძილობა.
  • შფოთვა. როგორც ყოველდღიურ შფოთვას, ასევე შფოთვის უფრო სერიოზულ აშლილობებს, მაგალითად პოსტ ტრავმულ სტრესის აშლილობას, შეუძლიათ ხელი შეუშალონ ჩაძინებას. ჩაძინებაზე შფოთვას შეუძლია გააძნელოს ჩაძინება.
  • დეპრესია. დეპრესიის დროს შეიძლება ზედმეტი გეძინოთ ან ვერ იძინებდეთ. უძილობა სხვა მენტალური აშლილობების დროსაც ვლინდება.
  • სამედიცინო მდგომარეობები. თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან ხშირი შარდვა, თქვენ შეიძლება განგივითარდეთ უძილობა. დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია უძილობასთან: ართრიტი, სიმსივნე, გულის უკმარისობა, ფილტვების დაავადება, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სინდრომი, ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, ინსულტი, პარკინსონის დაავადება და ალცჰეიმერის დაავადება.
  • გარემოს და სამსახურის გრაფიკის შეცვლა. მოგზაურობას და მორიგეობას შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის ცირკადული რითმი და გააძნელოს ჩაძინება. ცირკადული რითმი არის ბიოლოგიური საათი, რომელიც განაგებს ძილ-ღვიძილის ციკლს, მეტაბოლიზმს და სხეულის ტემპერატურას.
  • ძილის მავნე ჩვევები. ძილის მავნე ჩვევები მოიცავს არერეგულარულ ძილის განრიგს, მასტიმულირებელ აქტივობებს ძილის წინ, არაკომფორტულ ძილის გარემოს და ლოგინის ძილისა და სექსის გარდა სხვა მიზნით გამოყენებას.
  • მედიკამენტები. ბევრ წამალს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ძილზე. მათ შორისაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, გულის და წნევის წამლები, ალერგიის წამლები, სტიმულანტები და კორტიკოსტეროიდები. ბევრი ურეცეპტო წამალი, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები, ცხვირში გამხსნელები და წონაში დასაკლები პროდუქტები, შეიცავს კოფეინს და სხვა სტიმულანტებს.
  • კოფეინი, ნიკოტინი და ალკოჰოლი. ყავა, ჩაი, კოკა-კოლა და სხვა კოფეინის შემცვლელი სასმელები ცნობილი სტიმულანტებია. შუადღის შემდეგ ყავის დალევამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ძილში. თამბაქოში არსებული ნიკოტინი აგრეთვე უძილობის გამომწვევი სტიმულანტია. ალკოჰოლი დამამშვიდებელია და შეიძლება დაგეხმაროთ დაძინებაში, თუმცა იგი ხელს უშლის ძილის ღრმა ძილს და ხშირად იწვევს შუა ძილში გაღვიძებას.
  • გვიან საღამოს ჭარბი კვება. ძილის წინ წახემსება არ არის პრობლემა, თუმცა ძალიან ბევრის ჭამას შეუძლია დისკომფორტი შეგიქმნათ დაწოლისას და ხელი შეუშალოს ძილს. ბევრ ადამიანს აგრეთვე აქვს გულძმარვა და კუჭიდან მჟავისა და საკვების საყლაპავში გადასვლა, რაც აგრეთვე ხელს უშლის ჩაძინებას.

უძილობა და ასაკის მატება


უძილობა უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად. ამ დროს შეიძლება განგივითარდეთ:

  • ძილის ცვლილებები. ასაკის მატებასთან ერთად ძილი ნაკლებად ღრმა ხდება და ამ დროს შეიძლება პატარა ხმაურმა ან გარემოში რაიმე ცვლილებამ გაგაღვიძოთ. ასაკთან ერთად თქვენი ბიოლოგიური საათი იცვლება, რაც ვლინდება უფრო ადრე დაძინებით და უფრო გვიან გაღვიძებით, თუმცა უფროს ადამიანებს ხშირად იგივე რაოდენობის ძილი სჭირდებათ, რაც ახალგაზრდებს.
  • დატვირთვის ცვლილებები. თქვენ შეიძლება ნაკლებად აქტიური იყოთ ფიზიკურად და სოციალურად. დატვირთვის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ძილს. აგრეთვე, ნაკლები აქტიურობის დროს უფრო დიდი ალბათობით წაუძინებთ შუადღეზე, რაც ხელს შეუშლის ღამე ძილს.
  • ჯანმრთელობის ცვლილებები. ქრონიკულ ტკივილს, მაგალითად ართრიტს და ზურგის პრობლემებს, დეპრესიას, შფოთვას და სტრესს შეუძლია ხელი შეუშალოს ძილს. უფროს მამაკაცებში ხშირად ვლინდება პროსტატის არასიმსივნური ზრდა (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია), რაც იწვევს ღამის განმავლობაში ხშირ შარდვას. ქალებში, მენოპაუზის დროს სხეულის პერიოდულ წამოხურებას (ალებს) აგრეთვე შეუძლია ხელი შეუშალოს ძილს.
  • სხვა ძილთან დაკავშირებული აშლილობები, მაგალითად ძილის აპნოე და მოუსვენარი ფეხების სინდრომი, აგრეთვე ხშირდება ასაკთან ერთად. ძილის აპნოე იწვევს სუნთქვის პერიოდულ შეჩერებას ძილის დროს. მოუსვენარი ფეხების სინდრომის დროს ვლინდება ფეხებში არაკომფორტული შეგრძნება და მათი გამოძრავების დაუოკებელი სურვილი, რაც ხელს უშლის ჩაძინებას.
  • მეტი მედიკამენტები. ხანშიშესული ადამიანები უფრო მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ახალგაზრდები, რაც ზრდის მედიკამენტებით გამოწვეული უძილობის რისკს.

ძილის პრობლემები შეიძლება აგრეთვე შეგვხვდეს მოზარდებში და ბავშვებში. ზოგიერთი ბავშვი და მოზარდი იმიტომ არ იძინებს თავის დროზე, რომ მათი ბიოლოგიური საათი წინ არის გადაწეული. ამ დროს მათ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება უნდათ.
სიმპტომები
უძილობის სიმპტომებია:

  • ჩაძინების გაძნელება
  • ღამის განმავლობაში გაღვიძება
  • ადრე გაღვიძება
  • გამოუძინებლობის შეგრძნება გაღვიძების შემდეგ
  • დღის განმავლობაში დაღლილობა და ძილიანობა
  • გაღიზიანებულობა, დეპრესია და შფოთვა
  • ყურადღების მოკრების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრების გაძნელება
  • შეცდომების მომატება
  • დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები
  • მუდმივად დარდი ძილზე

უძილობის დროს ადამიანს 30 წუთზე მეტი სჭირდება ჩასაძინებლად და შეიძლება მხოლოდ 5-6 საათი ეძინოს, კვირაში 3 ან მეტ დღეს, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ უძილობა ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ ექიმს, რათა გაიგოთ უძილობის გამომწვევი მიზეზი და მისი მკურნალობის მეთოდები. თუ თქვენი ექიმი ეჭვს მიიტანს ძილის აშლილობაზე, მან შეიძლება ძილის ცენტრში ან სპეციალურ ანალიზზე გაგიშვათ.