ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პერიკარდიტი
უკან
დაავადების აღწერა
პერიკარდიტი პერიკარდიუმის ანთება და შესიებაა. პერიკარდიუმი თხელი, ღრუს წარმომქმნელი, გულის შემომფარგლავი ქსოვილია. პერიკარდიტი ხშირად იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში და ზოგჯერ სხვა სიმპტომებსაც. ბასრი ტკივილი გულის არეში ასოცირებულია პერიკარდიტთან, რადგან პერიკარდიუმის გაღიზიანებული შრეები ერთმანეთთან ხახუნს განიცდის.

პერიკარდიტი ძირითადად იწყება უეცრად, მაგრამ არ გრძელდება დიდხანს– მწვავეა. როცა სიმპტომები უფრო თანდათანობით ვითარდება, პერიკარდიტი ქრონიკულია.

პერიკარდიტის უმეტესი შემთხვევა მსუბუქია და თავისით გამოსწორდება. მკურნალობა უფრო მძიმე შემთხვევებში მოიცავს მედიკამენტებს და იშვიათად ქირურგიულ ჩარევას. ადრეული დიაგნოზი დაგეხმარებათ გრძელვადიანი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
გამომწვევი მიზეზი
ნორმაში, პერიკარდიუმის ორშრიანი მემბრანა და მისი ღრუ შეიცავს მცირე ოდენობით ლუბრიკანტ სითხეს. პერიკარდიტის დროს, ღრუ ანთებით მდგომარეობაშია და შედეგად განვითარებული ხახუნი იწვევს ტკივილს.

პერიკარდიტის მიზეზის განსაზღვრა რთულია. უმეტეს შემთხვევაში, ექიმები ვერ ადგენენ მიზეზს– იდიოპათური ან დგინდება ვირუსული ინფექცია.

პერიკარდიტი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს, გულის დაზიანებული კუნთის მიერ პერიკარდიუმის გაღიზიანების გამო. დამატებით, მოგვიანებითი პერიკარდიტი შესაძლოა შეტევიდან რამდენიმე კვირაში ან ქირურგიული ჩარევის შემდეგაც დაიწყოს. ამ ტიპის პერიკარდიტს დრესლერის სინდრომი ქვია. მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ დრესლერის სინდრომი გამოწვეულია აუტოიმუნური რეაქციით, როცა ორგანიზმი გულის ქსოვილებსა და პერიკარდიუმს უცხოდ აღიქვამს დაზიანების გამო.

პერიკარდიტის სხვა მიზეზებია:

  • სისტემური ანთებითი დაავადებები: მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ა.შ.
  • ტრავმა. გულის დაზიანება ან ტრავმა გულმკერდის არეში (ავტოავარიის ან სხვა შემთხვევის შედეგად).
  • სხვა მდგომარეობები. ესენია: თირკმლის მწვავე უკმარისობა, შიდსი, ტუბერკულოზი, კიბო.
  • გარკვეული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს პერიკარდიტს, თუმცა იშვიათად.
სიმპტომები
მწვავე პერიკარდიტი ძირითადად რამდენიმე კვირაზე ნაკლებს გრძელდება. ქრონიკული განმეორებითი პერიკარდიტი ხასიათდება ორი ტიპით. ერთ–ერთი ტიპი ვითარდება მწვავე ეპიზოდის მკურნალობიდან 6 კვირის განმავლობაში, ხოლო მეორე, განმეორებითი ტიპი ვლინდება მწვავე ეპიზოდის მკურნალობიდან 6 კვირის გასვლის შემდეგ.

თუ გაქვთ მწვავე პერიკარდიტი, ყველაზე ხშირი სიმპტომი ბასრი ტკივილია გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან ან მარცხენა მხარეს. ზოგიერთი ადამიანი განიცდის ყრუ, მტკივნეულობის მსგავს შეგრძნებად, ბასრი ტკივილის ნაცვლად. ამ სიმპტომს განსხვავებული ინტენსივობა შეიძლება ჰქონდეს.

მწვავე პერიკარდიტთან ასოცირებული ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მხარეს და კისერზე. ტკივილი ხშირად მძიმდება ხველების დროს, წოლით მდგომარეობაში ან ჩასუნთქვისას. წამოჯდომა და წინ გადახრა ხშირად ამსუბუქებს ტკივილს. ზოგჯერ, რთულია მიოკარდიუმის ინფარქტისა და პერიკარდიტის ტკივილის გარჩევა.

ქრონიკული პერიკარდიტი ხშირად ასოცირდება ქრონიკულ ანთებასთან და შეიძლება გართულდეს პერიკარდიუმის ეფუზიით. ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ შემთხვევაშიც ტკივილია გულმკერდის არეში.

პერიკარდიტის ტიპის მხიედვით, ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ბასრი, გამჭოლი ტკივილი გულმკერდის არეში, ცენტრში ან მარცხნივ
  • სუნთქვის უკმარისობა წოლით მდგომარეობაში
  • გულის პალპიტაციები
  • დაბალი ცხელება
  • სისუსტე, დაღლილობა ან ავადმყოფობის შეგრძნება
  • ხველა
  • შესიება მუცელში ან ფეხებში

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ აღგენიშნათ ტკივილი გულმკერდის არეში.

პერიკარდიტის სიმპტომები ძალიან გავს გულისა და ფილტვის სხვა დაავადებების სიმპტომებს. რაც უფრო მალე მიიღებთ ექიმის რჩევებს გამოკვლევების შესახებ, მით უფრო დროულად გეცოდინებათ დიაგნოზი და მალე დაიწყება მკურნალობა. მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება პერიკარდიტი იყოს, ან ასე გამოვლინდეს გულის ინფარქტი ან ფილტვში თრომბის დაცობა– ფილტვის ემბოლია.