ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტოქსიკური ჰეპატიტი
უკან
დაავადების აღწერა
ტოქსიკური ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომელიც ვითარდება ზოგიერთ ნაერთთან რეაქციის შედეგად. ტოქსიკური ჰეპატიტი შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, ქიმიურმა ნაერთებმა, წამლებმა და საკვების დანამატებმა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ტოქსიკური ჰეპატიტი ტოქსინთან კონტაქტიდან რამდენიმე საათში ან დღეში ვითარდება. სხვა შემთხვევებში ტოქსიკური ჰეპატიტის ნიშნების გასაჩენად შეიძლება ტოქსინის მრავალთვიანი, რეგულარული გამოყენება იყოს საჭირო.

ტოქსიკური ჰეპატიტის სიმპტომები ტოქსინთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ თავისით ქრება. ტოქსიკურმა ჰეპატიტმა შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს ნაწიბურების განვითარება (ციროზი) ან ღვიძლის უკმარისობა.
გამომწვევი მიზეზი
ტოქსიკური ჰეპატიტი ვითარდება, როდესაც ტოქსიურ ნივთიერებასთან კონტაქტის შემდეგ ღვიძლში ვითარდება ანთება. ტოქსიკური ჰეპატიტი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის ჭარბი დოზით მიღებისას.

ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქცია სისხლში არსებული ნაერთების და წამლების დაშლაა. ტოქსინების დაშლა წარმოქმნის ნარჩენ პროდუქტებს, რომლებმაც შეიძლება ღვიძლი დააზიანონ. ღვიძლს რეგენერაციის ძალიან დიდი უნარი აქვს, თუმცა ტოქსიურ ნივთიერებასთან მუდმივმა კონტაქტმა შეიძლება ღვიძლის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.

ტოქსიკური ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზებია:

  • ალკოჰოლი. წლების განმავლობაში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოწივიოს ალკოჰოლური ჰეპატიტი - ღვიძლის ანთება ალკოჰოლის გამო.
  • ტკივილგამაყუჩებლები. ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად აცეტამინოფენი, ასპირინი, იბუპროფენი და ნაპროქსენი აზიანებენ ღვიძლს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
  • სხვა მედიკამენტები. ღვიძლის სერიოზულ დაზიანებასთან დაკავშირებულია შემდეგი მედიკამენტები: აუგმენტინი, ჰალოტანი, იზონიაზიდი, ვალპროის მჟავა, ფენიტოინი, აზათიოპრინი, ნიაცინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატიტი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი, როზუვასტატინი, კეტოკონაზოლი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ანტივირუსული პრეპარატი, ანაბოლური სტეროიდი და ა.შ.
  • ინდუსტრიული ქიმიკატები. ზოგიერთი ქიმიკატი იწვევს ღვიძლის დაზიანებას. ესენია ნახშირის ტეტრაქლორიდი, პლასტმასში შემავალი ვინილის ქლორიდი, ჰერბიციდი პარაქვატი და ინდუსტრიული ქიმიკატების დიდი ჯგუფი, პოლიქლორირებული ბიფენილები.
სიმპტომები
ტოქსიკური ჰეპატიტის მსუბუქმა ფორმამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები და მხოლოდ სისხლის ანალიზით გამოვლინდეს. ტოქსიკური ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანისა და სკლერის გაყვითლება (სიყვითლე)
  • ქავილი
  • ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში
  • დაღლილობა
  • მადის დაკარგვა
  • გულისრევა და პირღებინება
  • გამონაყარი
  • წონაში კლება
  • მუქი ან ჩაისფერი შარდი

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.

ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად აცეტამინოფენის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ თვლით, რომ ზრდასრულს ან ბავშვს მიღებული აქვს აცეტამინოფენის გადამეტებული დოზა ან თუ მას უვლინდება აცეტამინოფენის დიდი დოზით მიღების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიცაა:

  • ოფლიანობა
  • გულისრევა და პირღებინება
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
  • კომა

თუ ეჭვი გაქვთ აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბებაზე, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში. აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბება შეიძლება სიკვდილის მიზეზი იყოს.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა