ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პარკუჭოვანი ფიბრილაცია
უკან
დაავადების აღწერა
პარკუჭოვანი ფიბრილაცია გულის რითმის პრობლემაა, რომლის დროსაც გული სწრაფად და ქაოსურად ფეთქავს. ეს იწვევს პარკუჭების უმიზნოდ შეკუმშვას, რომლის დროსაც მთავარი ფუნქცია, სისხლის გადატუმბვა, დაქვეითებულია. ზოგჯერ, პარკუჭოვანი ფიბრილაცია მიოკარდიუმის ინფარქტითაა გამოწვეული. პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს ორგანიზმის მნიშვნელოვან ორგანოებამდე სისხლი ნორმალურად არ მიდის.

პარკუჭოვანი ფიბრილაცია გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ეს მდგომარეობა ცნობიერების დაკარგვას იწვევს რამდენიმე წამში. პარკუჭოვანი ფიბრილაცია გულისმიერი უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. გადაუდებელი დახმარება მოიცავს გულ–ფილტვის რეანიმაციას, გულის დეფიბრილაციას.

პარკუჭოვანი ფიბრილაციის მაღალი რისკის პაციენტების მკურნალობა ტარდება მედიკამენტებითა და იმპლანტირებული დეფიბრილატორებით.
გამომწვევი მიზეზი
პარკუჭოვანი ფიბრილაციის უკეთ გასაგებად, საჭიროა ნორმალური გულისცემის მექანიზმების ახსნა.

ნორმალური გულისცემა

როცა გული იკუმშება, ელექტრული იმპულსები ვრცელდება კონკრეტული გზით. იმპულსების გავრცელების ცვლილება იწვევს არარეგულარულ გულისცემას– არითმიას.

გული იყოფა ოთხ საკნად. გულის ორი მთავარი ნაწილი ქმნის ტუმბოს სტრუქტურას, კერძოდ, ზედა საკნები იღებენ სისხლს, ხოლო ქვედა– პარკუჭები იკუმშებიან და გადატუმბავენ მას.

გულისცემის დროს, მცირე ზომის, უფრო ნაკლებად კუნთოვანი ზედა წინაგულები იკუმშებიან და ავსებენ მოსვენებით მდგომარეობაში მყოფ პარკუჭებს სისხლით. შეკუმშვამდე, იმპულსი სინუსურ კვანძში წარმოიქმნება, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს და იქიდან ვრცელდება დანარჩენ გულში.
იმპულსი შემდეგ გულის ცენტრისაკენ გადაინაცვლებს, ატრიოვენტრიკულურ კვანძში, რომელიც წინაგულებსა და პარკუჭებს შორის მდებარეობს. აქედან, იმპულსი გადადის პარკუჭებში, რაც იწვევს მათ შეკუმშვას და სისხლის გადასვლას მთელ ორგანიზმში.

რა იწვევს პარკუჭოვან ფიბრილაციას?

პარკუჭოვანი ფიბრილაციის მიზეზი ყოველთვის არ არის ცნობილი. ყველაზე ხშირი პრობლემა ელექტრული იმპულსების გავრცელებაა, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ან გულში ნაწიბურის ჩამოყალიბების გამო.

პარკუჭოვანი ფიბრილაციის ზოგიერთი შემთხვევა იწყება, როგორც პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ამ სწრაფ, არარეგულარულ რითმს იწვევს იმპულსების არასწორი გავრცელება. ამ დროს იმპულსები პარკუჭებიდან მოდის.

პარკუჭოვანი ტაქიკარდია უმეტესად გულის დაავადების მქონე ადამიანებში ვითარდება, მაგალითად გულის კუნთის დანაწიბურების ან ინფარქტის შემდეგ. ზოგჯერ, ტაქიკარდია 30 წამზე ნაკლებს გასტანს და სიმპტომებსაც არ იწვევს. თუმცა, ტაქიკარდა შეიძლება სერიოზულ პრობლემებთან იყოს ასოცირებული. თუ პაკრუჭოვანი ტაქიკარდია 30 წამზე მეტს გრძელდება, გაქვთ ფრიალი, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის სიმპტომები, აუცილებელია მკურნალობა. მკურნალობის გარეშე იზრდება პარკუჭოვანი ფიბრილაციის რისკი.

პარკუჭოვანი ფიბრილაცია ძირითადად გულის რაიმე დაავადებას უკავშირდება.
სიმპტომები
ცნობიერების დაკარგვა პარკუჭოვანი ფიბრილაციის ყველაზე ხშირი ნიშანია.

ადრეული ნიშნები და სიმპტომები

მდგომარეობა, რომლის დროსაც პარკუჭები სწრაფად იკუმშებიან (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) შესაძლოა გახდეს პარკუჭოვანი ფიბრილაციის მიზეზი. ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • გულისცემის აჩქარება–ტაქიკარდია
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ცნობიერების დაკარგვა

როდის მივმართოთ ექიმს


თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფს გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები, დარეკეთ 112–ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის:

  • აკრიფეთ 112
  • თუ ადამიანი უგონოდაა, შეამოწმეთ პულსი
  • თუ პულსი არ არის, დაიწყეთ გულ–ფილტვის რეანიმაცია, რათა ორგანოებთან სისხლი მივიდეს, სანამ ელექტრული შოკის აპარატის–დეფიბრილატორის გამოყენება იქნება შესაძლებელი. დააჭირეთ პაციენტის გულმკერდს ძლიერად, წუთში დაახლოებით 100–ჯერ. აუცილებელი არ არის, ჩაატაროთ ხელოვნური სუნთქვა, თუ შესაბამისი ტრენირება არ გაქვთ გავლილი.

აუტომატური გარეგანი დეფიბრილატორი ელექტრული შოკის მოწყობილობაა, რომელიც გულის იმპულსების გადასატვირთად გამოიყენება. ეს აპარატი მოთავსებულია საზოგადოების თავშეყრის ზოგიერთ ადგილას, მაგალითად თვითმფრინავებში, პოლიციის მანქანებსა და სავაჭრო ცენტრებში. დეფიბრილატორი სახლისთვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ. მოწყობილობა დაპროგრამებულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს შოკს, როცა ეს საჭიროა.