ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტკივილი გულმკერდის არეში
უკან
დაავადების აღწერა
ტკივილი გულმკერდის არეში მრავალნაირი შეიძლება იყოს, როგორც ბასრი, ასევე ყრუ. ზოგჯერ, ტკივილს აღწერენ, როგორც მოჭერის ან წვის შეგრძნებას. ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს კისერში, ყბაზე, ზურგზე, მხარზე ან ერთ ან ორივე მკლავზე.

ტკივილს გულმკერდის არეში მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სიცოცხლისათვის საშიში მიზეზებია გულის მიოკარდიუმის ინფარქტი ან ფილტვის პრობლემები. რადგანაც რთულია, გავარჩიოთ ტკივილის მიზეზი, ჯობს მიმართოთ სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
გამომწვევი მიზეზი
ტკივილს გულმკერდის არეში სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომელიც საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას.

გულთან დაკავშირებული ტკივილის მიზეზები
მაგალითად:
  • გულის მიოკარდიუმის ინფარქტი. ინფარქტი გულის კუნთის სისხლმომარაგების შეწყვეტის გამო ხდება.
  • სტენოკარდია. სქელი ფოლაქი, რომელიც გროვდება არტერიების შიდა კედლებზე, უზღუდავს სისხლის მიწოდებას გულის კუნთს, განსაკუთრებით დატვირთვის პირობებში.
  • აორტის აშრევება. ეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა გულისხმობს აორტის (გულის მთავარი არტერიის) შიდა შრეების განცალკევებას, რის დროსაც სისხლი გადის შრეებს შორის და შესაძლოა გამოიწვიოს აორტის რუპტურა.
  • პერიკარდიტი. ეს მდგომარეობა ასახავს გულის შემომსაზღვრელი შრის ანთებას, რომელიც იწვევს ბასრ ტკივილს და უარესდება ჩასუნთქვის ან დაწოლის დროს.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული მიზეზები
ტკივილს შესაძლოა იწვევდეს მომნელებელ სისტემაში არსებული პრობლემა, მაგ.:
  • გულძმარვა. გულძმარვა იწვევს მტკივნეულ, წვის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან. ამ დროს კუჭის მჟავები რეგურგიტიდება საყლაპავში–მილში, რომელიც აერთებს პირის ღრუსა და კუჭს.
  • ყლაპვის დარღვევები. საყლაპავის დაავადებები იწვევენ ყლაპვის გაძნელებას და ზოგჯერ ტკივილს.
  • ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის პრობლემები. კენჭები ნაღვლის ბუშტში, ანთება პანკრეასში შესაძლოა გახდეს მუცლის ტკივილის მიზეზი. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს გულმკერდშიც.

კუნთებსა და ძვლებთან დაკავშირებული მიზეზები

გულმკერდის ტკივილის ზოგიერთი ტიპი ასოცირდება გულმკერდის კედლის სტრუქტურების დაზიანებასთან. მაგ.:
  • კოსტოქონდრიტი. კოსტოქონდრიტის დროს, ნეკნების მკერდის ძვალთან დამაკავშირებელი ხრტილი ანთებითი და მტკივნეულია.
  • დაჭიმული კუნთები. ქრონიკული ტკივილის სინდრომი, როგორიცაა ფიბრომიალგია, შესაძლოა იწვევდეს ხშირ ტკივილს.
  • დაზიანებული ნეკნები. ნეკნების დაზიანება, მოტეხილობა შესაძლოა გახდეს ტკივილის მიზეზი.

ფილტვთან დაკავშირებული მიზეზები

ფილტვის მრავალმა დაავადებამ შესაძლოა მოგვცეს ტკივილი გულმკერდის არეში. ესენია:
  • პულმონარული ემბოლია. ტკივილის ეს მიზეზი გამოწვეულია სისხლის კოლტით, რომელიც იჭედება ფილტვის არტერიაში, რაც ზღუდავს სისხლის მიწოდებას ფილტვის ქსოვილამდე.
  • პლევრის ანთება. თუ ფილტვების გარშემო მემბრანა ანთებითია, შესაძლოა გვქონდეს ტკივილი, რომელიც უარესდება ჩასუნთქვის ან ხველების დროს.
  • კოლაფსირებული ფილტვი. ფილტვის კოლაფსთან დაკავშირებული ტკივილი უცაბედად იწყება და საათები შეიძლება გაგრძელდეს. კოლაფსი ხდება, როცა ჰაერი იპარება ნეკნებსა და ფილტვს შორის არსებულ სივრცეში.
  • პულმონარული ჰიპერტენზია. მაღალი წნევა არტერიებში, რომელთაც მიაქვთ სისხლი ფილტვებამდე, ასევე იწვევს ტკივილს.

სხვა მიზეზები

ტკვილის სხვა მიზეზებია:
  • პანიკის შეტევა. თუ გაქვთ მძაფრი შიშის ეპიზოდები, რომელთაც თან ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი გულისცემა, სწრაფი სუნთქვა, ოფლიანობა, სუნთქვის უკმარისობა,თავბრუსხვევა და სიკვდილის შიში, შესაძლოა ეს იყოს პანიკური შეტევა.
  • სირსველი. ჩუტყვავილის ვირუსის რეაქტივაციის შედეგად, სირსველი შესაძლოა იწვევდეს გამონაყარსა და ტკივილს ზურგსა და გულმკერდში.
სიმპტომები
ტკივილის მიზეზი მრავალი დაავადება ან პრობლემა შეიძლება იყოს. ხშირად, მიზეზი გულს არ უკავშირდება, მაგრამ ამას ექიმის გარეშე ვერ დაადგენთ.

გულთან დაკავშირებული ტკივილი

ტკივილს გულმკერდის არეში ხშირად უკავშირებენ გულის დაავადებებს, თუმცა პაციენტები აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ ისინი ტკივილის ნაცვლას მცირე დისკომფორტს გრძნობენ გულთან. ზოგადად, დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უკავშირდება ინფარქტს ან სხვა პრობლემას, შეიძლება აღიწეროს, როგორც:
  • წნევითი, სისავსის შეგრძნება, მოჭერა
  • დაჭიმვის, ბასრი ტკივილი, რომელიც გადადის კისერზე, ყბაზე, მხარზე, მკლავებზე, განსაკუთრებით მარცხენა ხელზე
  • ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთზე მეტს გასტანს, უარესდება აქტივობის დროს, ქრება და ჩნდება ვარიაბელური ინტენსივობით
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ცივი ოფლი
  • თავბრუსხვევა და სისუსტე
  • გულისრევა, ღებინება

ტკივილის სხვა ტიპები

რთულია, განასხვავოთ გულთან დაკავშირებული ტკივილი სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ტკივილისგან, თუმცა, ეს სიმპტომი ნაკლები ალბათობითაა გულისმიერი, თუ ახასიათებს:
  • მჟავე გემო, საჭმლის ამოსვლა პირში
  • ყლაპვის გაძნელება
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ან მსუბუქდება სხეულის პოზიციის ცვლილებისას
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვის ან დახველების დროს
  • გულმკერდის შეხების დროს მტკივნეულობა
  • გულძმარვის კლასიკური სიმპტომები– მტკივნეული, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კუჭის, ასევე გულის პრობლემებთან.

როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ აუხსნელი ტკივილი გულმკერდის არეში ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მიოკარდიუმი ინფარქტის შეტევა, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა