კრუპი

დაავადების აღწერა

კრუპს იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლის დროსაც ობსტრუქციის გამო ძნელდება სუნთქვა და ვითარდება უჩვეულო ხმიანობის (მყეფარე) ხველა.

ხველა და სხვა სიმპტომები სახმო იოგების, ტრაქეისა და ბრონქების გარშემო არსებული ანთებითი რეაქციის შედეგია. როცა ხველა იწვევს ჰაერის შევიწროვებულ მილში გამოდევნას, შესიებული სახმო იოგები წარმოქმნიან სელაპის ხმიანობის მსგავს ხველას. ასევე, ჩასუნთქვა იწვევს ხმამაღალ სტვენით სუნთქვას– სტრიდორს.

კრუპი ძირითადად არ არის მძიმე მდგომარეობა და სახლის პირობებშიც გაივლის.

გამომწვევი მიზეზი

კრუპს ძირითადად ვირუსული ინფექცია იწვევს, ყველაზე ხშირად– პარაინფლუენცას ვირუსი.

ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს ვირუსით, როცა ჰაერში დაცემინების ან დახველების შედეგად ვირუსის ნაწილაკები გამოიყოფა. ვირუსი ასევე ძლებს სათამაშოების და სხვა ზედაპირებზე. თუ ბავშვი შეეხება დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ საკუთარ თვალებს, ცხვირსა და პირს, ინფექცია შესაძლოა განვითარდეს.

ინფექცია ძირითადად ცხვირის ლორწოვანში იწყება, შემდეგ გადადის სახმო იოგებზე (ლარინქსი) და ტრაქეაზე. დაინფიცირებულების მხოლოდ მცირე რაოდენობა განავითარებს კრუპს.

სიმპტომები

კრუპი იწყება, როგორც ჩვეულებრივი გაციება. თუ განვითარდა ანთება და ხველა, ბავშვს შეიძლება აღენიშნოს მყეფარე ხველა. ხველა უარესია ღამით და ტირილის, შფოთვის, აჟიტირების დროს. სიცხე და ხმის ჩახლეჩა ასევე ხშირი სიმპტომია. ბავშვის სუნთქვა შეიძლება ხმამაღალი ან ძალდატანებითი იყოს.

რადგანაც ბავშვებს მცირე ზომის სასუნთქი გზები აქვთ, მათ უფრო ხშირად უვითარდებათ კრუპის სიმპტომები, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე.

ღამის კრუპის სიმპტომები და ძალდატანებითი სუნთქვა ხშირად აშინებს მშობლებს და მათ ბავშვები საავადმყოფოში მიყავთ.

კრუპის სიმპტომები ძირითადად 3–5 დღეში გაივლის.

როდის მივმართოთ ექიმს

კრუპით ავადმყოფი ბავშვების მხოლოდ 5%–ს უვითარდება იმდენად მძიმე ობსტრუქცია, რომ ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდეს. მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, თუ ბავშვი:

  • გამოსცემს ხმამაღალ სუნთქვით ხმებს (სტრიდორი) ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს
  • აძლიერებს ნერწყვდენას ან უჭირს ყლაპვა
  • შფოთავს, აჟიტირებულია ან გადაღლილია
  • სუნთქავს უფრო სწრაფად, ვიდრე ნორმაში
  • სუნთქავს ძალდატანებით, გაძნელებულად
  • ულურჯდება კანი ცხვირის, პირის ან ფრჩხილების გარშემო (ციანოზი)