მაკულის სველი დეგენერაცია

დაავადების აღწერა

მაკულის სველი დეგენერაცია თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილის დაკარგვას. მაკულის სველ დეგენერაციას იწვევს არანორმალური სისხლძარღვებიდან სითხისა და სისხლის ჟონვა მაკულაში. მაკულა მოთავსებულია ბადურის ცენტრალურ ნაწილში.

მაკულის სველი დეგენერაცია წარმოადგენს ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაციის ორი ტიპიდან ერთ-ერთს. დეგენერაციის მეორე ფორმა – მაკულის მშრალი დეგენერაცია უფრო ხშირი და ნაკლებად მძიმედ მიმდინარეა. მაკულის სველი დეგენერაცია თითქმის ყოველთვის იწყება, როგორც მშრალი დეგენერაცია. უცნობია, თუ რა იწვევს მაკულის სველ დეგენერაციას.

ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ამცირებს მხედველობის დაკარგვის სიმძიმეს და ზოგიერთ შემთხვევაში, აუმჯობესებს მხედველობას.

გამომწვევი მიზეზი

მაკულის სველი დეგენერაციის მიზეზები უცნობია. მდგომარეობა თითქმის ყოველთვის ვითარდება იმ პაციენტებში, ვისაც მაკულის მშრალი დეგენერაცია აღენიშნებათ. თუმცა ექიმებს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრა, თუ ვის განუვითარდება მაკულის სველი დეგენერაცია, რა სიმძიმის იქნება მდგოამრეობა და როდის პროგრესირებს იგი უფრო სწრაფად, ვიდრე მშრალი დეგენერაცია.

მაკულის სველი დეგენერაცია შესაძლოა სხვადასხვა გზით განვითარდეს:

  • მხედველობის დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების არანორმალური ზრდით. მაკულის სველი დეგენერაცია შესაძლოა განაპირობოს არანორმალური სისხლძარღვების ზრდამ ქოროიდიდან – სისხლძარღვების ფენა, რომელიც მოთავსებულია ბადურასა და თვალის გარეთა გარსს, სკლერას შორის. ქოროიდიდან სისხლძარღვების ზრდა შესაძლოა განვითარდეს ბადურის ქვეშ ან პირდაპირ მაკულაში. ამ მდგომარეობას ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია ეწოდება. 

  • ხსნებული არანორმალური სისხლძარღვებიდან სითხე და სისხლი იჟონება ქოროიდსა და მაკულას შორის. სითხე ხელს უშლის ბადურის ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილის გაბუნდოვანებას. პირდაპირ ყურებისას მხედველობის არეში არსებული სხეულები მრუდდება და მაკულის დეგენერაციის შედეგად გაჩენილი ლაქები ბლოავენ მხედველობის ველის შუა ნაწილს.

  • მხედველობის დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია სითხის დაგროვებით თვალის უკანა ნაწილში. მაკულის სველი დეგენერაცია, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება ქოროიდიდან სითხის გამოჟონვის შედეგად, რაც განაპირობებს ქოროიდსა და თხელ უჯრედოვან ფენას – ბადურის პიგმენტურ ეპითელიუმს შორის სითხის ჩადგომას. ეს მდგომარეობა იწვევს რეტინის პიგმენტური ეპითელიუმის მოწყვეტას.

  • რეტინის პიგმენტური ეპითელიუმის ქვეშ არსებული სითხე, გამოიყურება როგორც ბუშტუკი ან ამობურცულოა მაკულის ქვეშ.

სიმპტომები

მაკულის სველი დეგენერაციის სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება და ვითარდება სწრაფად. სიმპტომები:

  • მხედველობის დამახინჯება, მაგალითად სწორი ხაზების გამრუდება, სხეულების უფრო მცირე ზომად აღქმა ან შეგრძნება, თითქოს ისინი უფრო შორს არიან, ვიდრე სინამდვილეში.
  • ცენტრალური მხედველობის დაქვეითება
  • ფერების ინტენსიურობის ან სიკაშკაშის აღქმის დაქვეითება
  • ბუნდოვანი ან ბრმა ლაქა მხედველობის ველში
  • სწრაფი განვითარება
  • სწრაფი გაუარესება
  • მაკულის დეგენერაციის გვიანდელ ეტაპებზე გეომეტრიული ფიგურებით ან ხალხით წარმოდგენილი ჰალუცინაციები


როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თქვენ ამჩნევთ ცვლილებებს მხედველობის ველის ცენტრალურ ნაწილში
  • ფერებისა და პატარა დეტალების გარჩევადობა დაგერღვევათ



ასეთი ცვლილებები მაკულის დეგენერაციის პირველი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით 50 წლის ასაკის ზემოთ.