რა ასაკში იწყება სარძევე კბილების მოცვლა ბავშვებში?
სარძევე კბილების დაკარგვა და მუდმივი კბილებისთვის სივრცის გამოთავისუფლება იწყება 6 წლის ასაკში. ჩვეულებრივ, პირველად ხდება ქვედა ორი ცენტრალური კბილის, შემდეგ ზედა 2 ცენტრალური კბილის დაკარგვა, გრძელდება გარეთა მიმართულებით. მუდმივი კბილებით შეცვლა სრულად ხდება დაახლოებით 13 წლის ასაკში. სარძევე კბილის მორყევას ჩვეულებრივ იწვევს ქვემოდან მომავალი მუდმივი კბილი. თუ ბავშვი სარძევე კბილს კარგავს უფრო ადრე, ვიდრე მუდმივი კბილი დაიწყებდეს ამოსვლას, კბილის ადგილი რჩება ცარიელი. რის გამოც კბილები ყბაზე შეიძლება გადაადგილდნენ რათა შეავსონ ცარიელი ადგილი, რაც იწვევს თანკბილვის დარღვევას და კბილების არასწორად ამოსვლას.
როდესაც ბავშვი კარგავს სარძევე კბილებს, საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა: ბავშვმა კბილები უნდა გაიხეხოს მინიმუმ ორჯერ დღეში. უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღ კვებას, თავიდან ავირიდოთ საკვების ნარჩენების დარჩენა კბილებს შორის. რეგულარულად პროფილაქტიკურად მივმართოთ სტომატოლოგს.