წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში

24 May, 2022
გულის თანდაყოლილი მანკებიდან წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში გვხვდება 6-10% ში. ახასიათებს წინაგულებს შორის ძგიდეში არსებული ხვრელის არასრული დახურვა ( წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი რჩება ღია) რაც ზოგჯერ იწვევს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დარღვევას და ვითარდება პულმონური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

 

ძირითადად დეფექტის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში, თუმცა შესაძლებელია დეფექტი ზომაში შემცირდეს და ღია დარჩეს. პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დამოკიდებულია დეფექტის ზომაზე.

წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტისთვის დამახასიათებელია: სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის დროს, ადვილად დაღლა, სხვადასხვა სახის არითმიების განვითარება, გულის ფრიალის შეგრძნება. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დიაგნოსტიკა: მოიცავს დეტალურ ფიზიკალურ გასინჯვას, ანამნეზის შეკრებას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას, ელექტროკარდიოგრამას, ექოკარდიოგრაფიას.

მკურნალობა: 3-8 მმ ზომის დეფექტის შემთხვევაში პაციენტების 80%-ში ძგიდის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში. დიდი ზომის დეფექტის დროს, როდესაც ირღვევა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დეფექტი იხურება ქირურგიული გზით 2-6 წლის ასაკში. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.