ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს
„ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა DRG სისტემასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა DRG სისტემაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი საოპერაციო საკითხები და რეფორმის მიმდინარეობა იყო. როგორც ასოციაციის წევრების მხრიდან აღინიშნა, DRG სისტემის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია რეფორმის რეჟიმშივე მოხდეს მჭიდრო კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან.
„რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სექტორში მოთამაშეებისთვის სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაა, რომლის ფარგლებშიც კლინიკებში არ გაჩნდება შესაძლო საფრთხეები უკვე არსებული პრიორიტეტული მიზნებისთვის, რაც პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.“ – აღნიშნა თემის განხილვისას ზურაბ ქიტოშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დააყენეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გააქტიურების აუცილებლობა, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და მასზე სადაზღვევო პროდუქტების დაშენების შესაძლებლობა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, პაციენტის ინტერესები და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი.
შეხვედრის ფარგლებში სექტორში კიდევ ერთი ახალი გამოწვევის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს, რაც 2025 წლის ჰოსპიტლების სერტიფიცირების საკითხს ეხება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სხდომას ასოციაციის წევრი მსხვილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.