ყველაფერი რაც ქუნთრუშას შესახებ უნდა ვიცოდეთ, რჩევები ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრ რუსუდან გუჯაბიძესგან

05 აპრ, 2023

რუსუდან გუჯაბიძე: ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი  სერიოზული გართულებები, მისი მოხდიდან 2 კვირაში ვლინდება

ბოლო პერიოდში იმატა ბავშვთა ინფექციური დაავადებების შემთხვევებმა,მათ შორის ქუნთრუშამ რომელიც მწვავე ინფექციური დაავადებაა და ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით-ანუ ლაპარაკი, ხველა, ცემინება და ა.შ.  გამომწვევია ბაქტერია -A სტრეპტოკოკი,რომელიც გამოყოფს ტოქსინებს.

 როგორ ამოვიცნოთ ქუნთრუშა და როდის უნდა მივმართო ექიმს?

თუ თქვენს შვილს უეცრად, მწვავედ გამოუვლინდა სიმპტომები:

თავის ტკივილი

ყელის ტკივილი

ყლაპვის გაძნელება

შემცივნება

შეუპოვარი ცხელება

მუცლის ტკივილი და ღებინება

სასის რკალებისა და ნუშურების შეწითლება (ჟოლოსებრი ენა)

ნუშურებზე თეთრი ნადები.

გადიდებული ლიმფური კვანძები.

აუცილებელია დავაკვირდეთ დაავადების დინამიკას: 1- 2 დღიდან ჰიპერემიულ კანზე შეიძლება გაჩნდეს წვრილწინწკლოვანი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე მკლავების, გულმკერდისა და საზარდულის არეში. ხელებზე და ფეხის გულებზე გამონაყარი არ აღინიშნება. ლოყები ძალიან წითელია, ხოლო ცხვირი და პირის ირგვლივ კანი ფერმკრთალი. გამონაყარი ჩვეულებრივ ქრება ექვსიდან ცხრა დღის შემდეგ. ამის შემდეგ კანი იწყებს აქერცვლას, განსაკუთრებით ხელის გულებზე და ტერფებზე.

ქუნთრუშასთვის დამახასიათებელია „ჟოლოსებრი ენა“, თავდაპირველად ენა თეთრი ნადებითაა დაფარული. რამდენიმე დღის შემდეგ ენა ჟოლოსფერი ხდება.

ამრიგად, ცხელებით და ინტოქსიკაციით მიმდინარე ანგინის შემთხვევაში, რომელსაც ერთვის გამონაყარი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

როგორ ვუმკურნალოთ ქუნთრუშას?

რადგან ქუნთრუშა ბაქტერიული ინფექციაა, მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით,რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ექიმის დანიშნულებით.სასურველია ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყოს დიაგნოზის დადასტურებისთანავე ,რაც შეიძლება სწრაფად. თუნდაც თქვენი შვილის დაავადება   მსუბუქად  მიმდინარეობდეს.

რამდენი ხანს გრძელდება ინკუბაციური პერიოდი და რამდენ ხანს არიან ბავშვები გადამდები?

ინფიცირებიდან და დაავადების გამოვლენამდე, ჩვეულებრივ, 1-დან 7-დღემდეა. თუ დაავადებას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, პირველი მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ ინფექციის გადადების რისკი აღარ არსებობს. მეორეს მხრივ, ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე, პაციენტები გადამდები არიან პირველი სიმპტომებიდან 3 კვირამდე.

რამდენ ხანს უნდა დარჩნენ დაავადებული ბავშვები სახლში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

თუ მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები არ არის ბოლომდე გამქრალი აუცილებელია დაველოდოთ მათ ბოლომდე ალაგებას.

შესაბამისად, ბავშვების დაშვება სასწავლო დაწესებულებაში შეიძლება განხორციელდეს სიმპტომების ალაგებიდან 2-3 კვირაში.მშობლებმა  უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვის დაწესებულებაში დასაბრუნებლად მათ უნდა წარადგინონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

შემიძლია ვიმუშაო, თუ ჩემს შვილს ქუნთრუშა  აქვს?

მშობლებისთვის, როგორც საკონტაქტო პირებისთვის, არ არსებობს საკარანტინო წესები.

შესაძლებელია თუ არა ზრდასრულ ასაკში ქუნთრუშათი დაავადება?

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად, ქუნთრუშათი ავადობა ყველა ასაკშია შესაძლებელი. თუმცა, დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში.

მყარია იმუნიტეტი ქუნთრუშას მიმართ ინფექციის გადატანის შემდეგ?

ჯანმო-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქუნთრუშას გამომწვევ ბაქტერიას შეუძლია სხვადასხვა ტოქსინების წარმოქმნა, შესაბამისად ქუნთრუშათი დასნებოვნება შესაძლებელია რამდენჯერმე.

რატომ არის ქუნთრუშა საშიში?

ქუნთრუშა, კარგად ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. კერძოდ ადრეული გართულებებია შუა ყურის, სინუსების (წიაღების) და ფილტვების ანთება. საკმაოდ იშვიათი, მაგრამ გვიანი გართულებებია მწვავე რევმატული ცხელება მსხვილი სახსრების ანთებით, გულისა და თირკმელების დაზიანება. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან კონტაქტს, დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობას და შემდგომ დაკვირვებას! ქუნთრუშას გადატანის შემდეგ, აუცილებელია 2 კვირაში შარდის საერთო ანალიზის ჩატარება, ვინაიდან ერთი -ერთი სერიოზული გართულებაა-მწვავე პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი.