საგარეჯოს მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა
12 და 13 აგვისტოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში ეროვნული სკრინინგის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის ჩართულობით და ორგანიზებით ერთობლივი, სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.
საგარეჯოში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყო სკრინინგ ცენტრის უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის მეშვეობით, ძუძუს უფასო სკრინინგი.
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ბაზაზე კი პარალელურად, საშუალება ჰქონდათ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებიც მიეღოთ. როგორც ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ჯიქიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო კომპანიების მხრიდან მსგავსი აქტივობები, რაც რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. მისივე თქმით, ასეთი აქტივობები და ერთობლივი აქციები მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის.
ადგილზე იმყოფებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურიძე, რომელმაც ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სკრინინგის უფასო აქციაში აქტიური მხარდაჭერა და გაწეული უფასო სამედიცინო მომსახურება კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მანვე მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია და დროული კვლევები , რაც დაავადების განკურნების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით დასტურდება.
მოსახლეობის საინფორმაციო კამპანიაში და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
ორი დღის განმავლობაში ძუძუს უფასო სკრინინგით სარგებლობა 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებმა შეძლეს. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე 25–დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.,, ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი და ეროვნული სკრინინ ცენტრი უკვე მეორე თვეა მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფართომაშტაბიან უფასო კვლევებს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში.