ვაქცინაციის პროცესში “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო პერსონალი ჩაერთო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი.
კლინკებში აცრები დილიდან დაიწყო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მედპერსონალს აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
“ამ ეტაპზე მათი ნაწილი უკვე რეგისტრირებულია და ეს პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და განმეორებითი აცრა რამდენიმე კვირაში, ვაქცინების მეორე ეტაპის შემოსვლის შემდეგ ჩატარდება. “ასტრაზენეკას” ვაქცინა დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და მის სანდოობაში ეჭვი არ მეპარება” – განაცხადა გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო დირექტორმა გელა ორველაშვილმა.
აცრების პროცესი “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულისა და დუშეთის კლინიკებში მიმდინარეობს. ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია გადამზადებული მედპერსონალი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოქმედებს.
“ვაქცინაცია არის ერთადერთი ხსნა, რომ პანდემია დამარცხდეს. თითოეულ კოლეგას მოვუწოდებ აცრისკენ. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე. იმისათვის, რომ აღარ დავკარგოთ ახლობელი ადამიანები, პაციენტები, კოლეგები, აუცილებელია, გავაგრძელოთ და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაცია და შესაბამისად, პანდემიაც” – განაცხადა COVID-19-ის მართვის ონლაინ კლინიკის ხელძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა, რომელიც დილით თავადაც, საჯაროდ აიცრა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო.