მცხეთა-მთიანეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგის ცენტრი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს სკრინინგის უფასო აქციას.
მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ათეულობით ადგილობრივ ქალბატონს უფასო კვლევები ჩაუტარდათ.
ძუძუს სკრინინგით 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა ისარგებლეს, რიგ შემთხვევაში ბენეფიციარებს ადგილზევე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მამოლოგის მომსახურება, ასევე ექოსკოპიური, ციტოლოგიური და ბიოფსიის კვლევები. პარალელურ რეჟიმში, სამედიცინო დაწესებულებაში საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევებით ისარგებლეს 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებმა.
“ჯეო-ჰოსპიტალსი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, აქტიურად არის ჩართული კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიაში. ამავდროულად, კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა“-განაცხადა მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ბაკა თავხელიძემ.
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს უფასო აქციებს. ქსელის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქცია გაგრძელდება რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში, ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო უფასო კვლევები განხორციელდა დუშეთში, მცხეთაში, მარნეულსა და გარდაბანში.