თავბრუსხვევა

სიმპტომის აღწერა

თავბრუსხვევა შესაძლოა გამოხატული იყოს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს სიცოცხლის განმავლობაში აქვს თავბრუსხვევის ერთი ეპიზოდი მაინც, რომლის გამოც ექიმთან მიდის. თავბრუსხვევა ძირითადად მოიცავს სამ კონკრეტულ შეგრძნებას:

  • გონების დაკარგვა. თავბრუსხვევის ეს ტიპი გამოიხატება სიმსუბუქის შეგრძნებით, როგორც „გულის წასვლის“ წინ.
  • ბალანსის დაკარგვა. ბალანსის დაკარგვის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მყარად ვერ დგას, როგორც წაქცევისას.
  • ვერტიგო. ვერტიგო ეწოდება მდგომარეობას, როცა ადამიანს ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს ან თავად ტრიალებს სამყაროს გარშემო.

თავბრუსხვევის სიმპტომის დეტალური და ზუსტი აღწერა ექიმს უადვილებს მიზეზის დადგენასა და მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ერთ–ერთი მარტივი მიზეზი შეიძლება იყოს ზღვის ავადმყოფობა (კინეტოზი), როცა მიხვეულ–მოხვეულ გზებზე, სხვადასხვა ტარნსპორტში ან ატრაქციონებზე თავბრუ გეხვევათ. ამასთანავე, ამ სიმპტომს შესაძლოა შიდა ყურის კომპლექსური დაავადებაც იწვევდეს. თავბრუსხვევა იშვიათად შეიძლება მოგვევლინოს უფრო მძიმე ავადმყოფობების სიმპტომად, როგორებიცაა ინსულტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ძირითადად, მხოლოდ თავბრუსხვევა, სხვა სიმპტომებისაგან დამოუკიდებლად, სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:

შიდა ყურის პრობლემები
ხშირად თავბრუსხვევას შიდა ყურში მოთავსებული ვესტიბულარული (ბალანსის) აპარატის ფუნქციის დარღვევა იწვევს. მაგალითად:

  1. კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო
  2. შუა ყურის ინფექცია
  3. მენიერის დაავადება
  4. ზღვის ავადმყოფობა

სისხლის მიწოდების შეზღუდვა
თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს ტვინში არასაკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებამ. მაგალითად:

  1. არტერიოსკლეროზი/ათეროსკლეროზი
  2. დეჰიდრატაცია
  3. არითმიები
  4. ორთოსტატული ჰიპოტენზია (პოზიციური ჰიპოტენზია)
  5. გარდამავალი იშემიური შეტევა

გარკვეული მედიკამენტები
ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას. მაგალითად:

  1. ანტიდეპრესანტები
  2. გულყრის საწინააღმდეგო წამლები
  3. ანტიჰიპერტენზიული წამლები
  4. დამამშვიდებლები
  5. ტრანკვილიზატორები

თავბრუსხვევის სხვა მიზეზები:

  1. ანემია
  2. ტვინის შერყევა
  3. ზოგადი შფოთვა
  4. ჰიპოგლიკემია
  5. შაკიკი
  6. პანიკური შეტევა

როდის მივმართოთ ექიმს

თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის. რამდენიმე მარტივი რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ თავბრუსხვევის დროს:
იმოძრავეთ ნელა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომისას. მრავალ ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება როცა სწრაფად დგება. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს.
თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან

დაუკავშირდით ექიმს თუ თავბრუსხვევას თან ახლავს:

  • ახლად დაწყებული, უჩვეული, მწვავე თავის ტკივილი
  • წაქცევა და სიარულის უნარის შეზღუდვა
  • სმენის დაქვეითება

დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
თავბრუსხვევა შეიძლება იყოს სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანი, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი. დარეკეთ 112–ზე ან სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში თუთავბრუსხვევას თან ახლავს: 

  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • გულის ფრიალი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მხედველობის ან საუბრის უნარის შეცვლა
  • თავის მძიმე ტრავმა
  • ხელის ან ფეხის სისუსტე
  • გონების დაკარგვა, რომელიც ხანგრძლივია და აღემატება რამდენიმე წუთს
  • გულყრა