გამონადენი ძუძუსთავიდან (მკერდის ჯირკვლის დვრილიდან)
სიმპტომის აღწერა
დვრილიდან გამონადენი გულისხმობს ნებისმიერ სითხეს, რომელიც გამოჟონავს მკერდის დვრილიდან.
დვრილიდან გამონადენი ქალში, რომელიც არც ფეხმძიმედაა და არც ძუძუთი კვებაზე, არ არის ყველა შემთხვევაში პათოლოგიაზე მიმანიშნებელი, მაგრამ ამ დროს ექიმის შეფასება მაინც საჭიროა. კაცებში დვრილებიდან გამონადენი ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს გამოკვლევას.
გამონადენი შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან ორივე ძუძუდან სპონტანურად ან ძუძუს ან დვრილის შეკუმშვის შემდეგ. დვრილიდან გამონადენი შეიძლება იყოს რძის მაგვარი, გამჭვირვალე, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან სისხლიანი. ეს გამონადენი გამოდის იმავე დვრილის ხვრელებიდან, რომლებიდანაც დედის რძე. დვრილიდან გამონადენის კონსისტენცია ცვალებადია. იგი შეიძლება იყოს სქელი და წებოვანი ან თხელი და თხევადი.
გამომწვევი მიზეზი
დვრილიდან გამონადენის არსებობა ნორმალური მოვლენაა ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. იგი აგრეთვე შეიძლება დაკავშირებული იყოს მენსტრუციის დროს ჰორმონულ ცვლილებებთან. რძის მაგვარი გამონადენი, რომელიც ძუძუთი კვების შემდეგ გვხვდება, შეიძლება ძუძუთი კვების შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგაც აღინიშნოს. ხანდახან, ორსულობის დროს დვრილიდან გამონადენი შეიძლება სისხლიანი იყოს. ეს პრობლემა როგორც წესი თავისით მოგვარდება.
პაპილომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლიან გამონადენთან. იგი სპონტანურად ვლინდება და მოიცავს ერთ სადინარს. იმის მიუხედავად, რომ სისხლიანი გამონადენი შეიძლება თავისით გაქრეს, ეს სიტუაცია მაინც მოითხოვს დვრილისა და არეოლის უკანა არეს ულტრაბგერით გამოკვლევას. თუ ულტრაბგერა აჩვენებს დაზიანებას, შეიძლება საჭირო გახდეს ბიოფსია პაპილომას დიაგნოზის დასადასტურებლად.
ყველაზე ხშირად, დვრილიდან გამონადენს იწვევს კეთილთვისებიანი პათოლოგია. თუმცა მკერდის კიბოს გამორიცხვა არ შეიძლება, განსაკუთრებით თუ:
- გრძნობთ შესიებას ძუძუში
- ეხება მხოლოდ ცალ ძუძუს
- გამონადენი შეიცავს სისხლს
- გამონადენი სპონტანურია
- გამონადენი მხოლოდ ერთი სადინრიდანაა
დვრილიდან გამონადენის შესაძლო მიზეზებია:
- აბსცესი
- სიმსივნე
- სარძევე ჯირკვლის ინფექცია
- სადინრის კარცინომა ინ სიტუ
- სარძევე ჯირკვლის ჭარბი სტიმულაცია
- ფიბროადენომა
- ფიბროკისტური ჯირკვალი
- გალაქტორეა
- ჰორმონული დისბალანსი
- დაზიანება ან ტრავმა
- სადინარშიგა პაპილომა
- სარძევე სადინრის ექტაზია
- მედიკამენტების გამოყენება
- მენსტრუალური ციკლის ჰორმონული ცვლილებები
- პაჯეტის დაავადება (მკერდზე)
- ორსულობა და ძუძუთი კვება
- პროლაქტინომა
როდის მივმართოთ ექიმს
დვრილიდან გამონადენი იშვიათადაა მკერდის სიმსივნის ნიშანი, მაგრამ იგი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინება იყოს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები და დვრილიდან გამონადენი არ გაქრება თავისით შემდეგ მენსტრუალურ ციკლამდე, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი. თუ მენოპაუზა დაასრულებული გაქვთ და აღგენიშნებათ სპონტანური გამონადენი ცალი სარძევე ჯირკვლის ერთი სადინრიდან, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ექიმს გამოსაკვლევად.
ამასობაში, აარიდეთ თავი დვრილების სტიმულაციას, მათ შორის გამონადენზე ხშირ შემოწმებას, რამეთუ სტიმულაციამ შეიძლება გამონადენის გახანგრძლივება გამოიწვიოს.