მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება) ხელებში
სიმპტომის აღწერა
დაბუჟება ერთ ან ორივე ხელში აღნიშნავს მგრძნობელობის დაკარგვას ხელში ან თითებში. დაბუჟებას ხშირად თან ერთვის სხვა მგრძნობელობითი ცვლილებები, როგორებიცაა ჩხვლეტის და წვის შეგრძნებები.მკლავებში, ხელებში ან თითებში შეიძლება განვითარდეს მოუქნელობა და სისუსტე.
დაბუჟება შეიძლება განვითარდეს ერთი ნერვის გაყოლებაზე ან სხეულის ორივე მხარესსიმეტრიულად.
გამომწვევი მიზეზი
ხელების დაბუჟება უმეტესად გამოწვეულია ხელის ან მაჯის ნერვების და მათი ტოტების დაზიანებით, გაღიზიანებით ან კომპრესიით.
პერიფერიული ნერვების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებს, მაგალითად შაქრიან დიაბეტს, შეუძლია გამოიწვიოს ხელების დაბუჟება, თუმცა როგორც წესი, ამ დროს პირველად ფეხის დაბუჟება გვხვდება.
იშვიათად, დაბუჟება შეიძლება გამოიწვიოს პრობლემებმა თავის ტვინსა და ზურგის ტვინში. ამ დროს ზოგადად დაბუჟებას თან ერთვის მხრის ან ხელის სისუსტე და ფუნქციის დაკარგვა. საბედნიეროდ, ცალკე დაბუჟება იშვიათადაა დაკავშირებული ისეთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან, როგორებიცაა ინფარქტი და სიმსივნეები.
თქვენს ექიმს დასჭირდება დეტალური ინფორმაცია თქვენს სიმპტომებზე რათა შეძლოს დიაგნოზის დასმა. მიზეზის დასადგენად მრავალი ტესტის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ცალ ან ორივე ხელში დაბუჟების შესაძლო მიზეზებია:
- აკოჰოლიზმი ან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
- ამილოიდოზი (როცა ამილოიდური ცილები გროვდება ორგანოებში)
- მხრის ნერვთა წნულის დაზიანება (იმ ნერვების დაზიანება, რომლებიც უზრუნველყოფენ სიგნალის გატარებას ხერხემლიდან მხრამდე,მკლავამდე და ხელამდე)
- კარპალ ტუნელის სინდრომი
- კისრის სპონდილოზი (კისრის არეში არსებული დისკების ასაკობრივი ცვეთა)
- განგლიური კისტა (არასიმსივნური, სითხით სავსე შესივებები, რომლებიც ძირითადად ვითარდება მაჯის და ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე)
- გილენ-ბარის სინდრომი (იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა აზიანებს ნერვებს)
- აივ/შიდსი
- ლაიმის დაავადება (დაავადება გადააქვთ ტკიპებს)
- მრავლობითი სკლეროზი
- ცენტრალური ნერვული სისტემის პარანეოპლასტური სინდრომები (პათოლოგიების ჯგუფი, რომლებიც ვითარდება სიმსივნიანი პაციენტების ნაწილში)
- პერიფერიული ნეიროპათია (ნერვის დაზიანება, რაც ხშირად იწვევს დაბუჟებას და ტკივილს ხელებში და ფეხებში)
- რეინოს დაავადება (მდგომარეობა, როცა ცივი ტემპერატურის და სტრესის საპასუხოდ სხეულის ზოგი არე ბუჟდება და ცივდება)
- ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები
- შოგრენის სინდრომი (აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს პირისა და თვალების სიმშრალეს)
- ზურგის ტვინის დაზინაება
- სიფილისი
- სირინგომიელია (ზურგის ტვინში სითხით სავსე კისტების გაჩენა)
- მეორე ტიპის დიაბეტი
- მეორე ტიპის დიაბეტი
- ვასკულიტები (სისხლძარღვების ანთება)
- B-12 ვიტამინის დეფიციტი
როდის მივმართოთ ექიმს
მნიშვნელოვანია ხელების დაბუჟების მიზეზის დადგენა. თუ დაბუჟება ხანგრძლივია ან ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში, ეწვიეთ ექიმს კონსულტაციაზე. მკურნალობა დამოკიდებულია დაბუჟების მიზეზზე.
დარეკეთ სასწრაფოში ან მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ დაბუჟება:
- იწყებს უეცრად, განსაკუთრებით როცა თან ერთვის სისუსტე ან პარალიზი, დაბნეულობა, ლაპარაკის გართულება, თავბრუსხვევა ან მწვავე, უეცარი თავის ტკივილი
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ დაბუჟება:
- ნელნელა იწყება ან უარესდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში
- მოიცავს სხეულის ორივე მხარეს
- ჩნდება და ქრება
- დაკავშირებულია გარკვეულ მოძრაობებთან და საქმიანობასთან, განსაკუთრებით განმეორებით მოძრაობებთან
- მოიცავს კიდურის მხოლოდ ნაწილს, მაგალითად ფეხის ან ხელის თითებს.