რეფერალური მომსახურება
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის (ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაცია) მოსარგებლენი არიან:
• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
• იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ერთეულს;
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
• სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
• „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო, აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები;
• ანამნეზში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (covid-19) დიაგნოზის მქონე გამოჯანმრთელებული პირები.
პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაცია) მოსარგებლეები არიან:
• საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.10-ით განსაზღვრული (კერძოდ: შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია) კოხლეარული იმპლანტის მიმღები პირები, რომლებიც საჭიროებენ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას.
მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
რას ითვალისწინებს პროგრამა?
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, მოიცავს:
• ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციას – ძირითადი რესპირატორული პათოლოგიების რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს;• კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციას, კერძოდ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:– ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას; – ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას (არაუმეტეს 8 გაკვეთილისა თვეში).
როგორ ხდება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება?
ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვისა და რიგის მართვის საკითხები განიხილება ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე, რომელიც შეიქმნება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“.
კოხლეარული იმპლანტის მიმღებმა ბენეფიციარებმა, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების და ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების მისაღებად:
• უნდა მიმართონ განცხადებით ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს (მისამართი: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი N144).
• ოპერაციის შემდგომ, კოხლეარული იმპლანტის მორგება–რეგულირების (არანაკლებ 12 პროცედურისა) მომსახურების მიღება შესაძლებელია შპს „კინდ-სმენაში“ – მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13.
• ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების მიღება (არაუმეტეს 8 გაკვეთილისა თვეში) შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
🔹 ააიპ ქართულ-ავსტრიული კოხლეარული იმპლანტაციის ცენტრი „მედ სმენა“
მისამართი: ქ.თბილისი, აკ,წერეთლის გამზ.N117, მე-2 სართული, ოფისი N65
🔹 სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“
მისამართი: ქ.თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.N5.
🔹️ ააიპ „მოვუსმინოთ სამყაროს“
მისამართი: ქ.თელავი, დავით რექტორის ქ.N8.
🔹 შპს ,,აუდიოლოგიის ცენტრი”
მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13.
🔹 ააიპ „სმენადი“ – მარნეულის ფილიალი
მისამართი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქ.N13, ბაგა-ბაღის ტერიტორია.
🔹️ ააიპ „სმენის სახლი“
მისამართი: ქ.თბილისი, გორგასლის ქ.N9.
🔹 განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“
მისამართი: ქ.ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-3 შეს.N4