აერობიკა

24 მაი, 2022
ყველასთვის ცნობილია, რომ ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. ვარჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობაა ფიზკულტურა წყალში, რაც მოიცავს ცურვას და აქვა-აერობიკას. 1 საათში თქვენ დახარჯავთ 400-დან 500 კკალ-მდე და ადვილად შეძლებთ წონის დაკლებას. წყალს დაახლოებით 12-ჯერ უფრო მეტი წინაღობა აქვს ვიდრე ჰაერს, ამიტომ ძალიან კარგი საშუალებაა კუნთების გამაგრებისთვის.

 

ვარჯიში წყალში იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა. რადგან წყალში, თქვენ გრძნობთ თქვენი სხეულის წონის მხოლოდ 10%-ს, რაც ვარჯიშს უფრო ადვილს და სასიამოვნოს ხდის.

წყლის ვარჯიშები ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრების და ხერხემლის ტკივილი. ცურვა და წყლის ვარჯიშები ამაგრებენ კუნთებს ხერხემლის და სახსრების დატვირთვის გარეშე, რაც ამცირებს ტკივილს და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღების საჭიროებას. ამიტომ ეს პროცედურები ხშირად ენიშნებათ პაციენტებს ექიმების მიერ.

აქვა-აერობიკა გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას და იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს მსუბუქი დეპრესია, ფიბრომიალგია, ან იმყოფება მუდმივი სტრესის ქვეშ. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს, აქვა- აერობიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ფეხების შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი.

ზაფხულში ბევრი ადამიანი უარს ამობობს ვარჯიშზე, რადგან სიცხეში ფიზიკური დატვირთვა ბევრად ძნელია. აქაც გამოსავალი არის ვარჯიში წყალში, სადაც არც სიცხე შეგაწუხებთ და არც ჭარბი ოფლიანობა.