Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან

30 ნოე, 2020

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის და კიდევ უფრო ეფექტურად მართვის მიზნით შესაძლო დამატებითი რესურსების მობილიზების საკითხზე ისაუბრა Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით შედგა.

,,ამ ეტაპზე სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი, მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურაში დავამატეთ საწოლები, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი ჩაერთვება ამ პროცესში. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის, ასევე ვისაუბრეთ ონლაინ -კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მდგომარეობა”, – განაცხადა ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე აქტიურად აწარმოებენ ქსელის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში დამატებითი საწოლფონდის მობილიზებას.