დაცული გარემო ხარისხიანი სერვისით

04 მარ, 2019

ინტერვიუ კლინიკების უმსხვილესი ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსი“ გენერალურ დირექტორთან სოფო გასიტაშვილთან, ვრცლად ,,ბიზნეს სახელები 2018“-ში

დაცული გარემო ხარისხიანი სერვისით

„უკან მოხედვისას არ უნდა დარჩეს სათქმელი -იმ დროისთვის შესაძლებელი იყო სხვაგვარად ან უკეთესად“

კლინიკების უმსხვილესი ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ დღეისთვის საქართველოს მასშტაბით 16 სტაციონარულ და 7 ამბულატორიულ დაწესებულებას აერთიანებს. წარმოდგენილია საქართველოს 5 რეგიონში: ქვემო ქართლში, იმერეთში, მცხეთა მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. კომპანია 2011 წელს დაარსდა, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთო და ეტაპობრივად პატარა რაიონულ ცენტრებში მცირე ზომის საავადმყოფოებით, მსხვილ, რეგიონალურ ცენტრებში კი დიდი, მრავალპროფილიანი თანამედროვე სამედიცინო ცენტრებით გამოჩნდა (მთავრობის გეგმის მიხედვით, თბილისში და საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოების უნდა აშენებულიყო და მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდებინა). დღეისათვის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში 2500-მდე ადამიანია დასაქმებული.

– საკმაოდ მძაფრ კონკურენტულ გარემოში რითი დაიმსახურა მოსახლეობის ნდობა „ჯეო ჰოსპიტალსმა”?
სოფო გასიტაშვილი, „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი ყოველდღიური მუშაობა უამრავ გამოწვევასათან არის დაკავშირებული. ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა, ეს არის შრომატევადი საქმე თითოეული თანამშრომლისთვის. მეც რიგით თანამშრომლად მივიჩნევ თავს, ჩემი პოზიცია უფრო მხარდამჭერია, ვიდრე – მმართველი. სხვადასხვა რეგიონს განსხვავებული სპეციფიკა აქვს და როგორც ჩემი, ასევე თბილისის ცენტრალურ ოფისში მომუშავე თანამშრომლების მთავარი როლი არის ის, რომ ეს ყველაფერი ერთ მთლიან სისტემაში მოვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ რეგიონში გვიწევს საქმიანობა, შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ერთ მიზანზე ორიენტირებული გუნდი. საქმე ადამიანის ჯანმრთელობასთან გვაქვს, რასაც სიხარულთან ერთად, ბევრი ტკივილიც ახლავს. მათ შორის – დაუმსახურებელიც. ეს არის ადგილი, რომელიც უამრავ გამოცდილებას გვაძლევს. ქუთაისის კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, პატარა კლინიკაა, გარშემო საკმაოდ დიდი კონკურენცია, უამრავი დიდი დაწესებულებაა. ამის მიუხედავად, სულ დატვირთულია და ყოველ დღეა ზარები თხოვნით, რომ ახალი პაციენტი მივიღოთ. მსგავსი სერვისები არის სხვაგანაც, მაგრამ ჩვენს გარემოში ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს. შეიძლება გააკეთო ძალიან თანამედროვე, მაღალტექნო­ლოგიური კლინიკა, მაგრამ პაციენტს არ ჰქონდეს იქ მისვლის სურვილი, რადგან არ იყოს ორგანიზებული და პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული სისტემა.

– ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის განვითარება სამედიცინო კომპანიებისთვის მთავარი პრიორიტეტია. რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით „ჯეო ჰოსპიტალსი“ და რა სირთულეებს ეჯახება ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით?
– რათქმაუნდა, სირთულეებს ხშირად ვეჯახებით, მაგრამ ვუმკლავდებით. უახლოეს წარსულში რომ დავბრუნდეთ, გარემო ნაკლებად რეგულირებული იყო… დღეს კი სამედიცინო საქმიანობის რეგულირება უფრო და უფრო იხვეწება იმ თვალსაზრისით, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო პაციენტისთვის. ეს უსაფრთხოება გადის ხარისხზე. სამედიცინო დაწესებულებები ყოველდღიურად ვდგებით ახალი გამოწვევების და ახალი მოთხოვნების პირისპირ, რაც საბოლოოდ ხარისხიანი მედიცინის მიწოდებას ემსახურება.

– ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ცვლილებები როგორ აისახა კომპანიაზე?
-„ჯეო ჰოსპიტალსი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი აქტიური განმახორციელებელია. ვემსახურებით იმ პირებსაც, ვინც არ არის ჩართული ამ პროგრამაში, ეს იქნება კერძო დაზღვევით თუ შიდა სტანდარტით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობამ უამრავი სარგებელი მოიტანა. მოსახლეობა მაღალხარისხიან სერვისს ადგილზე, რეგიონშივე იღებს. ბენეფიტური აღმოჩნდა პროგრამა ექიმებისთვისაც. წლების წინ სამუშაო ადგილის მოძიება და ღირსეული ანაზღაურება პრობლემური საკითხი იყო. დღეს კი კარგ სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ და პაციენტების მომატებულმა მომართვიანობამ გამოიწვია კვალიფიკაციის ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში ხარისხზეც აისახება.
მედიცინა არის სფერო ამოუწურავი რესურსით. წლების შემდეგაც ჩვენი მიზანი იქნება დაცული გარემო პაციენტებისთვის და თანამშრომლებისთვის. მუდმივი ზრუნვა, ვიყოთ საყრდენი სახელმწიფოსთვის და მიმზიდველი ბიზნესი დამფუძნებლისთვის.