დიაბეტური რეტინოპათია

დაავადების აღწერა

დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის გართულებაა, რომელიც აზიანებს თვალებს. მდგომარეობას იწვევს თვალის უკანა ნაწილში(ბადურა) არსებული სინათლეზე მგრძნობიარე ქსოვილის სისხლძარღვების დაზიანება.

თავდაპირველად, დიაბეტური რეტინოპათია შესაძლოა სიმპტომების გარეშე ან მსუბუქი გამოვლინებებით მიმდინარეობდეს. საბოლოოდ, მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე. 

დაავადება შესაძლოა განვითარდეს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ნებისმიერ პაციენტში. რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს პაციენტს დიაბეტი და რაც უფრო ნაკლებად აკონტროლებს იგი სისხლში შაქრის შემცველობას, მით უფრო მეტი შანსია თვალის დაზიანებისა.

გამომწვევი მიზეზი

დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის მკვებავი მცირე ზომის სიხლძარღვების დახშობა, რის შედეგადაც ბადურას არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. ამ პროცესის დასარეგულირებლად თვალი ცდილობს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. თუმცა ახლადწარმოქმნილი სისხლძარღვები არასწორად ყალიბდება ახასიათებს გაჟონვა.

დაიბეტური რეტინოპათიის ორი ფორმა არსებობს:

  • ადრეული დიაბეტური რეტინოპათია. ეს უფრო ხშირი ფორმაა, მას აგრეთვე არაპროლიფერაციული დიაბეტურ რეტინოპათიას უწოდებენ. ამ შემთხვევაში ახალი სისხლძარღვები არ ყალიბდება.

    როდესაც პაციენტს აქვს არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, მის ბადურაში არსებული სისხლძარღვები სუსტდება. ყალიბდება მცირე ზომის ამობურცულობები(მიკროანევრიზმები) პატარა სისხლძარღვების კედლებში, რის შედეგადაც ბადურაში სისხლი და სითხე ჟონავს. ბადურის უფრო დიდი ზომის სისხლძარღვები იწყებენ გაფართოებას და მათი დიამეტრი ხდება არარეგულარული. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქად, ასევე მძიმედ. გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების რაოდენობაზე.

    ბადურაში არსებული ნერვული ბოჭკოები იწყებენ შესიებას. ზოგჯერ, ბადურის ცენტრალური ნაწილი სივდება. ეს მდგომარეობა საჭიროებს მკურნალობას.

  • შორს წასული დიაბეტური რეტინოპათია. დიაბეტური რეტინოპატია ზოგჯერ პროგრესირებს უფრო მძიმე ფორმაში, ამ ტიპს პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. ამ ფორმის დროს დაზიანებული სისხლძარღვები იხშობა და შედეგად ყალიბდება ახალი, არანორმალური სისხლძარღვები ბადურაში. ამ სისხლძარღვებიდან სისხლი და სითხე ჟონავს გამჭვირვალე, ჟელატინისებრ ნივთიერებაში, რომელიც თვალის ცენტრში მდებარეობს(მინისებრი ქსოვილი).

    საბოლოოდ, ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც ყალიბდება ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვების ფონზე, შეიძლება იყოს მიზეზი თვალიდან ბადურის მოწყვეტისა. ახალი სისხლძარღვები, ზოგჯერ, ხელს უშლიან თვალიდან სითხის გადინებას, რის შედეგადაც თვალის კაკლის შიდა წნევა იზრდება. ამ პროცესს შეუძლია დააზიანოს ნერვი, რომელსაც გამოსახულება თვალიდან ტვინის მიმართულებით გადააქვს(მხედველობის ნერვი). შედეგად ვითარდება გლაუკომა

სიმპტომები

დიაბეტური რეტინოპათიის ადრეულ ეტაპებზე სიმტპომები ზოგჯერ არ ვლინდება. მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად, დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • წერტილები ან მუქი ზოლები მხედველობის არეში
  • გაბუნდოვანებული მხედველობის არე
  • მხედველობის არის რხევა
  • ფერების არასწორი აღქმა
  • მუქი ან ცარიელი ადგილები მხედველობის არეში
  • მხედველობის დაკარგვა
  • დიაბეტური რეტინოპათია, როგორც წესი, ორივე თვალზე მოქმედებს.



როდის მივმართოთ ექიმს

დიაბეტის ფრთხილი მკურნალობა მხედველობის დაკარგვისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტური გზაა. თუ თქვენ გქვთ დიაბეტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს თვალის გამოსაკვლევად, თუნდაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღინიშნებოდეს. ორსულობამ შესაძლოა გაართულოს დიაბეტური რეტინოპათია. ორსულობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატებითი გამოკვლევები თვალზე ფეხმძიმობის განმავლობაში.

მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ თქვენი მხედველობის არე უცაბედად შეიცვლება, გახდება ბუნდოვანი, ლაქებიანი ან დაბურული.