გასტროეზოფაგული რეფლუქს დაავადება

24 მაი, 2022
გასტროეზოფაგული რეფლუქს დაავადება საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, ის მოზრდილთა 30-40%-ში გვხვდება. ასევე შეიძლება შეგვხვდეს ახალშობილებში.

 

გასტროეზოფაგული რეფლუქს დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნება, რაც ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის რეფლუქსს საყლაპავში.

ძირითადად დამახასიათებელია: გულძმარვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ყლაპვის გაძნელება, არაპროდუქტიული ხველა, ხმის ჩახლეჩვა, საკვების და სითხის რეფლუქსი საყლაპავში.

გასტროეზოფაგული რეფლუქს დაავადების გართულებებია: საყლაპავის ქვედა ნაწილის შევიწროება, რაც განპირობებულია ანთებითი პროცესებით, ყლაპვის გაძნელება, საყლაპავის ლორწოვანზე წყლულის განვითარება, რომელიც ხშირად იწვევს სისხლდენას, ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას. ასევე შიეძლება გართულდეს ბარეტის ეზოფაგიტით.ამ დროს იცვლება საყლაპავის ამომფენი ეპითელიუმის სტრუქტურა, რომელიც ხშირად კიბოსწინარე მდგომარეობაა.

გასტროეზოფაგული რეფლუქს დაავადების დიაგნოსტიკა ხორციელდება ანამნეზის შეკრებით, ფიზიკალური გასინჯვით, რენტგენოლოგიური კვლევით, გასტროდუოდენოსკოპიით . ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება სიმსივნის გამოსარიცხად.