ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გენერალურმა დირექტორმა #ForbesHEALTH -ის პანელური დისკუსიის ფარგლებში

14 აპრ, 2022

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა #ForbesHEALTH პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა,სადაც წამყვანი კლინიკების მენეჯერებთან ერთად ჯანდაცვის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე, პოსტ-კოვიდის მართვის ახალ რეჟიმსა და სახელმწიფოსთან მიმდინარე დისკუსიის პროცესზე ისაუბრა. მხარეებმა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეგულაციების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, კოვიდმართვის რეჟიმიდან ამორთვის პროცესში კლინიკები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას.

„არსებული გეოპოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც კერძო სექტორი დგას, ვფიქრობთ, რთულია, გვქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ერთ დღეს უცებ გაზრდის ტარიფებს, გაზრდის დაფინანსებას და ახალ განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით. გარკვეულწილად, ეს შეუძლებლადაც მიმაჩნია; თუმცა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ არსებობს პოტენციალი, სახელმწიფო დაფინანსება უფრო ეფექტურად და სწორად გადანაწილდეს. მისასალმებელია სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვის სერვისების ფასწარმოქმნის უფრო სამართლიან სისტემაზე გადასვლის თაობაზე, როგორიცაა დიარჯი – სისტემა, როდესაც ნებისმიერ პროცედურაზე კლინიკას ექნება სწორად გათვლილი საფუძველი და ეცოდინება პაციენტს, თუ რა დონის სერვისსა და მკურნალობას მიიღებს. ამ სისტემაზე სამინისტროს მხრიდან მუშაობა უკვე დაწყებულია. ფასწარმოქმნის აღნიშნული სისტემის დანერგვა ყველა კლინიკას თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს, ამავდროულად, დიარჯი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების სტიმულირების გარანტია“, – აღნიშნა მან.

ზურაბ ქიტოშვილის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად გადაიარაღებას საჭიროებს, თუმცა, თუ მისი სტიმულირება არ მოხდა, რათა აღნიშნული სიახლეები დანერგოს და ინვესტიციები განხორციელდეს, ტექნოლოგიური განახლება ვერ მოხდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის საუბარია „ბიზნესის გადარჩენის ფორმულის შემუშავებაზე და არა დივიდენდების გენერირებაზე, რათა სექტორმა ფუნქციონირება გააგრძელოს და მოსახლეობის საჭიროებები დააკმაყოფილოს“. „მიმაჩნია, რომ აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად არსებობს პოტენციალი, თუნდაც იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რომელსაც განკარგავს სახელმწიფო, მოხდეს სწორი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაზღვევო კომპონენტის გააქტიურებისა და ბენეფიციარების თანადაფინანსების გათვალისწინებით”, – განმარტავს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი.

ზურაბ ქიტოშვილის თქმით, თუ პანდემიის პიკურ პერიოდში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან აქტიურად და ეფექტურად თანამშრომლობდა, როცა არ არსებობდა „მხარე“ და ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდა, კლინიკების კოვიდმართვიდან ამორთვის პერიოდიც ამგვარი ფორმატით უნდა გაგრძელდეს, რაც გრძელვადიან პერიოდში დარგის გადარჩენა-განვითარებისთვის სწორი სტრატეგიული მიდგომაა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის მასშტაბით არსებული სამედიცინო ცენტრები, რომლებიც კოვიდ კლინიკების ფორმატში ფუნქციონირებდა, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

წყარო:
https://www.youtube.com/watch?v=Hda_xUl8TSU&t=3919s
https://www.interpressnews.ge/ka/article/706390-jeo-hospitalsis-generaluri-direktori-klinikebis-kovidmartvidan-gamosvlis-shemdgom-gamocvevebs-asaxelebs/?fbclid=IwAR3j6GGJmgiCIHez8FV5slhvQ9GW4QZXnZFGRdGBJZwUSEnHigwR0UOlFiY
https://bm.ge/ka/article/kovidmartvis-formatidan-gasvlam-klinikebshi-likvidobis-problema-sheqmna—jeo-hospitalsis-ceo/106716