„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ – გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი ,,ჯეო ჰოსოპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა და USAID-ის პროგრამა ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ დირექტორმა როზა კიაპემ მოაწერეს. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებთან ხელმოწერის ცერემონიალი ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობას.
,,საექთნო ადამიანური რესურსის განვითარება „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს სასწავლო ცენტრისა და მისი რეგიონული ფილიალების (ქუთაისი, მარნეული, გურჯაანი, მცხეთა) პერსონალის მზადების მძლავრ ტრენინგ-ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ „ჯეო ჰოსპიტალს“-ს, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც. პროექტის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი, ასევე, ეთნიკური უმცირესობებითაა წარმომადგენელი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას,“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსოპიტალსი“ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, მისივე თქმით„ „პროექტი ორიენტირებულია რეგიონებში ქალების გაძლიერებაზე, ვინაიდან საექთნო პერსონალის 99% ქალია“.
,,დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხად საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების გაძლიერება რჩება, რაც სათანადო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი განხორციელებისათვის საგანმანათლებლო სიმძლავრეების შექმნასა და საექთნო პერსონალისათვის აღნიშნულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ასეთი აქტივობები და მათი მხარდაჭერა უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან თავსებადობასა და ევროკავშირის ქვეყნებში საექთნო პერსონალის კვალიფიკაციების აღიარების მექანიზმის შექმნას,“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.
„საგრანტო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საექთნო პროგრამების მომზადება, სასწავლო ცენტრებისათვის სათანადო პედაგოგიური რესურსის მობილიზება, ასევე, ტრენინგ-ცენტრის აღჭურვა (მ.შ., მულაჟები, კომპიუტერული ტექნიკა, ბიბლიოთეკა და სხვ.). „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელში დასაქმებული ექთნების მომზადება/გადამზადებას (ამ ეტაპზე ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ექთანი, ეს რაოდენობა არის მზარდი, რადგან ქსელი ფართოვდება – არსებულ დაწესებულებებს ემატებათ ახალი სერვისები, ასევე, ფართოვდება სამედიცინო დაწესებულებების ქსელიც) უზრუნველყოფს „ჯეო ჰოსპიტალს“.ი,ამავდროულად, სასწავლო ცენტრის ფარგლებში მოხდება სხვა სამედიცინო დაწესებულებების საექთნო პერსონალის გადამზადებაც,“ აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა.
გრანტის აქტივობებში ჩართულები იქნებიან „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სტრუქტურული ერთეულები, სამედიცინო დაწესებულებების საექთნო პერსონალი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 4 რეგიონული საექთნო სასწავლო ცენტრი (ქუთაისი, მცხეთა, გურჯაანი, მარნეული), რომელიც სათანადოდ აღიჭურვება და შესასამისი ადამიანური რესურსით დაკომპლექტდება.