ჯეო ჰოსპიტალსი – დიალიზის ბენეფიციარებისთვის ახალი ცენტრები ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით გავხსენით

09 თებ, 2024

ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ჰემოდიალიზის ახალი ცენტრი გაიხსნა. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და პაციენტებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო. ცენტრი ადგილზე ზრდის ხელმისაწვდომობას დიალიზის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, ვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურება, მინიმუმ კვირაში სამჯერ ესაჭიროება. ადგილზე მათ, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივი გადამზადებული კადრებიც გაუწევს. ცენტრში განთავსებული უახლესი თანამედროვე აღჭურვილობა და მისი რაოდენობა შესაძლებლობას იძლევა 4 საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი დღეში 38 პაციენტს ჩაუტარდეს.

,,საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის ცენტრის გახსნა ბენეფიციარების ტერიტორიული პრინციპით გადანაწილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილზე იზრდება ხელმისაწვდომობა და მათ აქამდე არსებული დისკომფორტის თავიდან აცილების საშუალებას აძლევთ. პაციენტებს აღარ მოუწევთ სხვა ქალაქებში სიარული, ზედმეტი დროის და ხარჯების დაკარგვა. ადგილზე ისინი სრულად უზრუნველყოფილები იქნებიან დამატებითი სამედიცინო მომსახურებითაც თუ ამის საჭიროება ან მოთხოვნა იქნება ბენეფიციარების მხრიდან“ – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია ხომერიკმა, მისივე თქმით კომპანიის მხრიდან სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო ქსელის მასშტაბით დიალიზის სერვის ცენტრების მოწყობაში.

,,დიალიზის პაციენტები თირკმლის ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადიით, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობას შესაბამისი პროფილის კლინიკაში საჭიროებენ. ბენეფიციართა ეს ჯგუფი მძიმე პაციენტთა კატეგორიას მიეკუთვნება და მათთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. მითუმეტეს, როცა ბენეფიციარები ამ პროცესზე ათეული წლებიც კი არიან დამოკიდებული.“ – აღნიშნა საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა სულხან სამხარაძემ, რომლის თქმითაც აღნიშნული სიახლე არათუ მათი სიცოცხლის არამედ ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. დიალიზის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი კი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში უზრუნველყოფს დიალიზის თანამედროვე ცენტრების აღჭურვასა და ფუნქციონირებას. ბენეფიციარებს ჰემოდიალიზის სეანსის ჩატარება უკვე ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს, დუშეთისა და ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გახსნილ დიალიზის ცენტრებში შეუძლიათ.

https://rb.gy/o3pgwj
https://rb.gy/csuf8n