„ჯეო ჰოსპიტალსი“ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩაერთო
„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სამედიცინო ქსელი, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩაერთო.
პროგრამის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალსი“ მოემსახურება თბილისში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები ან ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს მისი მოხმარება.
პროცედურა 1 მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს.
კვლევები კლინიკაში თანამედროვე, დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ტექნოლოგიით ჩატარდება, ხოლო შედეგების შეფასებაში გამოცდილი რადიოლოგების გუნდი ჩაერთვება, რაც დიაგნოსტიკის სიზუსტესა და სანდოობას უზრუნველყოფს.
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით თოთაძე: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელიც ჩვენს კლინიკას აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისას მიენიჭა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და იმ მაღალ სტანდარტებზე, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიცავთ. ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, პაციენტებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, ზუსტი და უსაფრთხო დიაგნოსტიკა“.
სკრინინგის პროგრამაში კლინიკების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა, რაც თავის მხრივ მოიცავდა როგორც სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, ისე თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.