,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
,,ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია სექტორის წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრები. ჩართულობა და მჭიდრო კოორდინაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის“-აღნიშნა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ნინო კობახიძემ. თავის მხრივ, პრემიერმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ცენტრებში არსებულ ვითარებაზე და რესურსების მაქსიმალური მობილიზების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კიდევ დამატებით ახდენს როგორც კოვიდ კლინიკების მობილიზებას, ისე არსებულ ცენტრებში საწოლფონდის ზრდას. პარალელურად გრძელდება ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატება“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მისივე თქმით საუბარი ასევე შეეხო დარგის სტრატეგიული განვითარების საკითხებს.
მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, პირველი მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ხემძღვანელი ესწრებოდნენ.