,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
,,თანასწორობა მართვის ის სწორი მიდგომაა და ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, აქტიურად ვუჭერთ მხარს მსგავს აქტივობებს და იდეას, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. კომპანიის მიდგომებზე და დამოკიდებულებებზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2500 მდე დასაქმებულიდან 72% -1800 ქალია, ქალბატონები გვყავს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოშიც.“ -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო სამადაშვილმა. მისივე თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „ქალთა გაძლიერების პრინციპები“ შრომისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა შრომისა და ადამიანის უფლებათა სფეროში, რაც კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობის ნაწილია. კამპანიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება.