„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულების მიღებას იწყებს

11 დეკ, 2020

რეგიონული კლინიკების ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ბორჯომში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ერთვება. ამავდროულად, ჰოსპიტალში შენარჩუნდება მოსახლეობისთვის საჭირო ყველა საბაზისო სამედიცინო სერვისი.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრი, სხვა რეგიონული კლინიკების მსგავსად, აღჭურვილია COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მრავალპროფილური ლაბორატორიით.

ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის განცხადებით, ბორჯომის კლინიკის ჩართვა COVID-19-ის მართვაში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე ის ერთადერთი მასშტაბური ჰოსპიტალია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით არის წარმოდგენილი.

„ჩვენ ჩვენი რესურსით ვერთვებით კოვიდის მართვის პროცესში და რაც მთავარია, ვინარჩუნებთ საბაზისო სამედიცინო სერვისებს. ჩვენს სამედიცინო ცენტრში მოეწყო სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება-განთავსებისათვის, განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული და რეანიმაციული ერთეულები. გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან“, – აღნიშნა მან.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში და რეგიონების მასშტაბით დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მეოთხე ეტაპს ახორციელებს.

ამჟამად, COVID-19-ის მართვა დამატებით მობილიზებული საწოლფონდის მეშვეობით სამტრედიის, საგარეჯოს, ჭიათურის, ვანის, მარნეულის და ახლა უკვე ბორჯომის კლინიკებშია შესაძლებელი.