,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს

16 აგვ, 2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს  იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც   დავით ბარაბაძე გეგმავს.

,,საუკეთესო ადამიანების და ხელმძღვანელების თავდაუზოგავი შრომის და მოტივაციის შედეგია, რომ ბორჯომში არსებობს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, საუკეთესო სერვისებით და ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით. კლინიკა 24/7-ზე, უწყვეტ რეჟიმში ქმნის ხარისხიან, ეფექტურ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას რეგიონში.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა კვალიფიციური და პროფესიონალი ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების გუნდის ხელმძღვანელობა. ჩვენი მიზანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტი რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ ერთ სივრცეში მიიღოს.

ვგეგმავთ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას, პირველად საქართველოში დაინერგება დიფერენცირებული სამედიცინო – სოციალური პროგრამა. “ჯეო ჰოსპიტალსი” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, მოგეხსენებათ რაც უფრო წარმატებულია კომპანია, მას მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. სწორედ ამიტომ დაინერგება პირველადი პროფილაქტიკის ღონისძიებები, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მოსახლეობის ჯანმრთელობის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ყველა ოჯახამდე, ყველა მოქალაქემდე მივიტანთ ინფორმაციას და შევთავაზებთ არა მხოლოდ უკვე გართულებული მდგომარეობის მკურნალობას, არამედ გზებს თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ესა თუ ის დაავადება, როგორ მოვახდინოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირება.’’-განაცხადა კლინიკის ახლადდანიშნულმა დირექტორმა დავით ბარაბაძემ .

შეგახსენებთ, რომ დავით ბარაბაძე ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდს 2022 წლის მარტიდან  შემოუერთდა და აქამდე კომპანიის  კლინიკური სამსახურის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

დავით ბარაბაძე წლების განმავლობაში ქვეყნის წამყვან კლინიკებსა და კომპანიებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა მიმართულებით. დღემდე დავით ბარაბაძე მოქმედი ნევროლოგია, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსს ანატომიაში.  

დავით ბარაბაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდგომ წლებში განათლება უცხოეთის სამედიცინო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.  ფლობს სერტიფიკატებს სხვადასხვა მიმართულებით:– გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლა – კურსი ჰოსპიტლის მენეჯერებისათვის , NIDA clinical trials network – კარგი კლინიკური პრაქტიკა, Global health center – კერძო ჯანდაცვის სექტორის კომერციული საფუძვლები, commercial private health sector basics; მართვა და ჯანდაცვა, მედიკამენტების მენეჯმენტი,მსოფლიო ბანკის ინსტიტუტი – კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში.

შეგახსენებთ, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს  ბორჯომის მრავალპროფილურ ცენტრს დღემდე ირაკლი დიასამიძე ხელმძღვანელობდა , რომელიც მიმდინარე ცვლილების შემდეგ, კვლავ გუნდის სრულფასოვან წევრად რჩება და მუშაობას ადმინისტრაციული მენეჯერის რანგში გააგძელებს.