„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდის მორიგი გამარჯვება – კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე
„ხანდახან ცხოვრება წამის მეასედ სიჩუმეში იყინება, სადაც მხოლოდ მონიტორის წყვეტილი ხმა ისმის… ჩვენ ამ ,,წამზე“ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გულს დანებების შანსი არ მივცეთ!” -ასე იხსენებს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მორიგე ქირურგი მალხაზ ბურნაძე 8 ივნისის მძიმე ღამეს და თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უელავს. მის პროფესიაში ეს არც პირველი და არც ბოლო მოგებული ბრძოლაა. ასე იყო იმ ღამითაც, როცა 35 წლის მამაკაცი უგონოდ შემოიყვანეს კლინიკაში — გულმკერდის არეში ღრმა ჭრილობით.
,,ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს იყო ბრძოლა დროის წინააღმდეგ, ამიტომ გუნდი სრულ მობილიზაციაში იყო სასწრაფო ოპერაციის დაწყებისთვის” -ემოციურად ერთვება საუბარში გადარჩენილი სიცოცხლის კიდევ ერთი თეთრახალათიანი გმირი რაჯი ისმაილოვი… ამ ისტორიას კიდევ ბევრი გმირი ჰყავს, რადგან წარმატებას გუნდი ქმნის…
პაციენტის დედა: ,,ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის იყო! მადლობას ვუხდი “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ხელმძღვანელს დავით ჯიქიას. ასევე მალხაზ ბურნაძეს, რაჯი ისმაილოვს, ნინო ამირიძეს ჩემი შვილის სასწაულებრივი გადარჩენისთვის. განსაკუთრებული მადლობა გულმკერდის ქირურგს ირაკლი კონიაშვილს ლომის წილის შეტანისთვის ამ პაციენტის როგორც ოპერაციის, ასევე მკურნალობის პროცესსა და გამოჯანმრთელებაში. მადლობა პერსონალს, ბრიგადას და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთული ოპერაციის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა და ჩემ შვილს სიცოცხლე აჩუქა, და ვინც ამ რთულ დღეებში იბრძოდნენ მისი გადარჩენისთვის. თქვენი მადლობელი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა ამ ოპერაციის კარგად ჩავლის, თქვენი დახმარებით ეს შევძელით!”
ინფორმაციისთვის, 35 წლის მამაკაცი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, გულმკერდის არეში ღრმა ჭრილობით შეიყვანეს. “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგის ნინო ამირიძის ინფორმაციით, ურთულესი ოპერაცია, მარჯვენა წინაგულზე 1,3 სმ კვეთით, წარმატებით დასრულდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოპერაციას ჰქონდა თანმხლები გართულებები – მეოთხე დღეს მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი განვითარდა, ასევე მარჯვენა ფილტვის თრომბოემბოლია, ორმხრივი მწვავე პნევმონია. საგარეჯოს სამედიცინოს ცენტრის ექიმების ძალისხმევით, ყველა სირთულე დაძლეულია და გამოჯანმრთელებული პაციენტი ოჯახს დაუბრუნდა.
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ამჯერადაც ბოლო წუთამდე იბრძოლა სიცოცხლისთვის და შუძლებელი შეძლო.
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელი 15 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, რომლებიც აკრედიტებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატს ფლობს.