„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტი დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების მობილიზებას აგრძელებს
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, კვლავაც აგრძელებს კლინიკების საწოლფონდის მობილიზაციას COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად.
საგარეჯოსა და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრების შემდეგ, 2020 წლის 26 ნოემბრიდან, COVID–19-ით დაავადებულთა მართვის პროცესში ჩაერთო ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 36 საწოლია მობილიზებლი, მ.შ., 6 – რეანიმაციული. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მრავალპროფილურ ცენტრის რეკონსტრუქცია ინფექციების (მ.შ., COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით სულ ახლახან დასრულდა, გადამზადდა პერსონალიც.
ამ ეტაპზე „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში სულ 161 საწოლია გამოყოფილი COVID–19-ით დაავადებულთა მკურნალობისათვის. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქსელის ხელმძღვანელობა მუშაობს COVID–19-ით ინფიცირებულთათვის დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების შექმნის მიმართულებით.