„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში, აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფილაქტიკური აცრები
შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურ რეჟიმში გრძელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული თორმეტივე დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია წარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რეკომენდაციების სრული დაცვით; ამავდროულად, თითოეული პირის იმუნიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, ვაქცინაციის უკუჩვენებების გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ ჩვენს ბენეფიციარს აქვს საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე, ვაქცინაცია მის გამოჯანმრთელებამდე არ ტარდება.
ინფექციური დაავადებების ჩამონათვალი, რომელთათვისაც სავალდებულოა ვაქცინაცია და მათი ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები/ვადები დადგენილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით. კალენდრის მიხედვით, მაგალითად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიარობებშივე, ახალშობილის დაბადებიდან 5 დღის განმავლობაში, ხოლო წითელა/წითურას პირველი ვაქცინაცია ხორციელდება 1 წლის, წითელა/წითურას შემდგომი ვაქცინაცია (რევაქცინაცია) კი – 5 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პერსონალი ყოვედღიურ რეჟიმში ზრუნავს, რომ ბენეფიციარებმა დროულად ჩაიტარონ ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაცია, რაც იმუნიზაციით მართვადი დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, იმუნიზაციისას უზრუნველყოფილია პაციენტისა და პერსონალის მაქსიმალური დაცულობა. კერძოდ, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში დანერგილია პაციენტების წინასწარი ჩაწერის სისტემა, ყველა პაციენტი და მისი თანმხლები გადის თერმოსკრინინგს, დიდი ყურადღება ექცევა პერსონალისა და ვიზიტორების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (მაგალითად, პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები და სხვა) გამოყენებას და დაწესებულებებში ადეკვატური სანიტარული რეჟიმის შენარჩუნებას. შესაბამისად, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მოსახლეობისათვის უსაფრთხო იმუნიზაციის სერვისის მიწოდებას, რაც დღეს, COVID-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, ხოლო იმუნიზაციის გზით დაავადებების პროფილაქტიკა მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაღებია.