,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა
როგორც არა ერთხელ აღინიშნა, COVID-19-ის პანდემიაზე მზადყოფნის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებას უსაფრთხოების პროცედურებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცედურებია:
1. ისდ (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები) ჩაცმისა და გახდის თანმიმდევრობა/მნიშვნელობა (ხალათი, ხელთათმანი, სათვალე, ქუდი, ნიღაბი, დამცავი სკაფანდრი, ბახილები, სახის ფარი);
2. ზედაპირების დეზინფექცია;
3. ხელების დეზინფექცია;
4. საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევებში პაციენტის იზოლაციის მეთოდები, პაციენტთა და თანამშრომელთა ნაკადების მოძრაობის კონტროლი, შეზღუდვები;
5. საეჭვო ან დადასტურებული კრიტიკული და არაკრიტიკული პაციენტის საექთნო მოვლის თავისებურებები, უსაფრთხოების ზომებზე აქცენტით;
6. მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვა, ალტერნატიული მრავალჯერადი დამცავი საშუალებების დამზადება, თეთრეულის ჰიგიენა;
7. ეთიკური საკითხები.
შესაბამისად, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში, ქსელის ეპიდემიოლოგიური და საექთნო სამსახურების თაოსნობით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის ინტენსიური და უწყვეტი ტრენინგი. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა როგორც ექიმები, ექთნები და დიაგნოსტიკურ სერვისებში ჩართული პერსონალი, ასევე, ადმინისტრაციული მიმართულების თანამშრომლები. დღეისათვის ტრენინგი ჩატარებული აქვთ სამი კლინიკის (საგარეჯო, გარდაბანი, მცხეთა) 80-მდე თანამშრომელს.
ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებს მსმენელებისათვის როგორც თეორიული ცოდნის მიწოდებას, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცებას თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით: შემთხვევის (ქეისის) განხილვა/ანალიზი, დისკუსია/დებატები, როლური თამაშები, ჯგუფური მუშაობა.
ამავდროულად, მსმენელებს ურიგდებათ ბეჭდური და ელექტრონული სასწავლო მასალა, მ.შ., შიდა პროტოკოლი სტანდარტული და სპეციალური დაცვისა და იზოლაციის მეთოდების შესახებ, ლამინირებული პოსტერები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტები (მაგალითად, ელ. ვერსია safe-use-of-ppe-ECDC).
ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება, რაც არის COVID-19-ზე ეფექტური რეაგირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
საყურადღებოა, რომ ტრენინგის მსვლელობისას ასევე, ხორციელდება კლინიკების მატერიალურ/ტექნიკური რესურსის შეფასება/ანალიზი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა დაიგეგმოს აუცილებელი და დამატებითი ღონისძიებები (მ.შ., მოხდეს გარკვეული აღჭურვილობის მობილიზება) COVID-19-ზე მზადყოფნის უზრუნველყოფისათვის.