„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძობს
COVID–19-ის მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობისათვის შესაბამის ჰოსპიტალურ სიმძლავრეებზე ხელმისაწვდომობის არსებობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც COVID–19-ით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია.
შესაბამისად, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ აგრძელებს ჰოსპიტალური საწოლების მობილიზებას იმერეთის რეგიონში, სადაც თბილისისა და აჭარის შემდეგ ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე COVID–19-ით დაავადებულთა მართვის პროცესში ერთვება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრი, რომელიც, საჭიროებისას, სრულიად დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.
COVID–19-ით დაავადებულთა მკურნალობასთან ერთად შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრში ყველა საბაზისო სერვისი შენარჩუნდება, ხოლო პაციენტების უსაფრთხოების მიზნით მათ ინფექციის კონტროლის ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.
შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიზანია, თითოეულმა პაციენტმა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება, ადგილზე, რეგიონშივე მიიღოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.