,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.
,,მასშტაბური უფასო სამედიცინო აქციების სერია დავიწყეთ, ყველაზე მოთხოვნადი სერვისით ვეწვიეთ დიდი ჯიხაიშის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის ფარგლებში, 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია ოფთალმოლოგიური კონსულტაცია, რიგ შემთხვევაში გამოვლინდა საოპერაციო პაციენტებიც, რის უზრუნველყოფასაც უკვე სამედიცინო კლინიკის ფარგლებში ვუზრუნველყოფთ“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ. მისივე თქმით, უფასო სამედიცინო აქციას სისტემატური ხასიათი ექნება და სხვადასხვა სოფლებში თვეში ორჯერ ჩატარდება. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორის ლელა ხურციძის განმარტებით, მოსახლეობის ჩართულობა და აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რაც სოფლებში მსგავსი გასვლითი აქციების მოთხოვნაზე მიუთითებს. ,,მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ჩვენი მხრიდან წამყვანი სპეციალისტების ჯგუფი უკვე მობილიზებულია სხვადასხვა პროფილის და სამედიცინო მომსახურების საჭიროებების ადგილზე გაწევის მიზნით.“-აღნიშნა ხურციძემ. კლინიკის დირექტორის განმარტებით, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ მოსახლეობას ბენეფიტის სახით, სამტრედიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე აგვისტოდან ,,ღია კარის დღის“ აქციას შესთავაზებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ექიმ- სპეციალისტების უფასო კონსულტაციებსა და ყველა საჭირო კვლევაზე 20% ფასდაკლებას შესთავაზებს .
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ,,ღია კარის დღე“ აგვისტოდან, თვეში ორჯერ მოეწყობა. ,,თვის ყოველ მეორე და მეოთხე პარასკევს მოსახლეობას შევთავაზებთ ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციას, ხოლო სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებასა და მათ შორის ძვირადღირებულ მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებზე, როგორიცაა რენტგენი, კარდიოგრამა, კტ, ენდოსკოპია, ექოსკოპია 20 % ფასდაკლება გავრცელდება, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს შეღავათიან ფასში მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“ –აღნიშნა ირაკლი ლაღიძემ.