ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ უფასო აქციაში ჩაერთო

25 ოქტ, 2023

2023 წლის 25 ოქტომბერს, ჯეო ჰოსპიტალსის, ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ერთობლივი უფასო აქცია გაიმართა.

ეროვნული სკრინინგის და მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის გამოცდილი გუნდის ჩართულობით ქალბატონებს ადგილზე ჩაუტარდათ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება. უფასო აქცია პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა. სკრინინგის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ ,როგორც  მაღალ ტექნოლოგიური  ისე ყველაზე მოთხოვნადი კვლევები: ძუძუს (40- დან 70 წლის ჩათვლით), საშვილოსნოს ყელის (25-დან 60 წლის ჩათვლით), მსხვილი ნაწლავის (50-დან 70 წლის ჩათვლით), ფარისებრი ჯირკვლის (25-დან 70 წლის ჩათვლით). ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრაც.

,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის სამედიცინო ცენტრი წლებია რაც აქტიურად არის ჩართული სკრინინგის უფასო აქციაში. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი მზად არის, მხარში დაუდგეს ყველა ორგანიზატორსა და საინიციატივო ჯგუფს, სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და კვლევების პროცესში. მოხარულები ვართ ,რომ ორი დღის განმავლობაში  ჯეო ჰოსპიტალსში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევები რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მოქალაქემ ჩაიტარა.“-განაცხადა  მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ია სეფიაშვილმა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდამჭერთა ასეთი ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს საქმიანობას. ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25-70 წლის ქალებისათვის, ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანიები და შეხვედრები სკრინინგ პროგრამისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. სწორი ინფორმირებულობის შედეგად კი დღეს ისინი აქტიურად ჩაერთნენ კვლევებში“. -აღნიშნა  „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ დამფუძნებელმა და აქციის ორგანიზატორმა სამიარა ისმაილოვამ.,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართული აქციის მხარდამჭერი იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და HEKS-EPER-ი.