,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონულ ქსელში უფასო დისტანციური კონსულტაციები ხორციელდება
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის ფონზე, ინფიცირების რისკების პრევენციის მიზნით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელის ამბულატორიულ დაწესებულებებში უფასო დისტანციური სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია, რაც ოჯახის ექიმისა და ექიმი-სპეციალისტების უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მოიცავს. შესაბამისად, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, პირველადი ჯანდაცვის სერვისის ფარგლებში მიიღოს ოჯახის ექიმისა და ექიმი სპეციალისტების ონლაინ კონსულტაციები, ასევე, დაგეგმოს საჭირო კვლევები და ამ გზით ხელი შეუწყოს კორონავირუსული ინფექციისაგან საკუთარი თავის დაცულობას.აღნიშნული სერვისები „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისშივე დაინერგა და აქტიურად გრძელდება.
ამავდროულად, „ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანისა და ბორჯომის ამბულატორიული ცენტრები „112“-თან ერთად 2020 წლის 4 აპრილიდან ჩართულნი არიან COVID – 19 – ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და მართვის/ რეფერალის სისტემაში და მოსახლეობას რეგიონული მასშტაბით ემსახურებიან. კერძოდ, აღნიშნული კლინიკები კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას უწევენ უფასო დისტანციურ კონსულტაციებს COVID-19-ის დროული დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე, ამ ამბულატორიებში COVID-19-ზე უფასო ტესტირება (პჯრ მეთოდით) ხორციელდება.
COVID-19-ის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს ბენეფიციარებს, მათთვის საჭირო პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით დისტანციურად მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას, პაციენტის მომსახურება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება თუ კლინიკაში ვიზიტი დაიგეგმება. აღნიშნული მოდელი კლინიკაში რამდენიმე თვეა დაინერგა და ჩვენი ბენეფიციარების მაქსიმალურ დაცულობას და უსაფრთხოებას ემსახურება. ამავდროულად, დისტანციური სერვისები უფასოა და თვეების განმავლობაში კარგად აპრობირებულია,“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში ყველა პირობაა შექმნილი კორონავირუსული ინფექციისაგან ბენეფიციარების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად, დისტანციური პირველადი ჯანდაცვის სერვისების ამოქმედების პარალელურად სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამიტომ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა ან ადგილზე ამბულატორიული დახმარება ესაჭიროებათ, მათთვის აუცილებელ ყველა სამედიცინო სერვისზე უწყვეტი წვდომა აქვთ.