„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ მოქმედ კარდიოლოგიურ განყოფილებას ცნობილი ექიმისა და პროფესორის ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა

30 დეკ, 2022

„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ მოქმედ კარდიოლოგიურ განყოფილებას ცნობილი ექიმისა და პროფესორის ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა.

ირაკლი მეგრელაძე ქართული კარდიოლოგიური სკოლის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კარდიოლოგიის სფეროში არსებული მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა. ის არის პირველთაგანი, ვინც ქვეყანაში ექოკარდიოგრაფია დანერგაექიმი სხვადასხვა სამედიცინო ტიტულისა და ჯილდოს მფლობელია, ესენია: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. ამავდროულად, ირაკლი მეგრელაძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ ირაკლი მეგრელაძის სახელობის კარდიოლოგიური განყოფილების გახსნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი ექიმის კოლეგები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიგი ხაბეიშვილი, პროფესორი თამაზ შაბურიშვილი და საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი სერგო ორჯონიკიძე.

შეხვედრის ფარგლებში კლინიკის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ირაკლი მეგრელაძის წვლილი კარდიოლოგიის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის.

,,ჩვენ ვფლობთ თქვენი სახით უდიდეს ინტელექტუალურ შესაძლებლობას, რაც თითოეული პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია. მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის,“ – აღნიშნა თავის მიმართვაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ბესო ზენაიშვილმა.

თავის მხრივ, ირაკლი მეგრელაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნდობისა და დაფასებისთვის და წარმატებები უსურვა კოლეგებსა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდს. აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიური განყოფილება მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას და პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ.