ჯეო ჰოსპიტალსისა და  USAID-ს  ერთობლივი პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

05 მაი, 2023

4 მაისს მარნეულში ჯეოჰოსპიტალსის ორგანიზებით ახალი პროგრამის პრეზენტაცია შედგა, რომელიც USAID-ის პროგრამა ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ ფარგლებში ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამების დაწყებას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ჯეოჰოსპიტალსი, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/ სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელებას იწყებს, რომლებიც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მომზადდა.

ჯეოჰოსპიტალსის საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე ექთანთა სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან. ექთნები შეძლებენ, შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია.

საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათი ქართულენოვანი ვერსიაა. ამასთან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდება სასწავლო ცენტრის აღჭურვა (სასწავლო ინვენტარი, აუცილებელი ლიტერატურა, მანეკენები/სიმულატორები) და პედაგოგების გადამზადება.

ჯეოჰოსპიტალსის ქსელმა USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება,“ – განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე შეფასებით პროგრამა რეგიონში სამედიცინო სექტორში ძლიერი, პროფესიონალი ექთნების დასაქმებას უწყობს ხელს.

საექთნო გადამზადების ცენტრში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელის დევიდ ბლოდი კოლეგებთან ერთად დაესწრო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პროგრამის მნიშვნელობაზე და იმ გარემოებაზე რომ საქართველოში ინერგება ინოვაციური დიპლომისშემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რაც ევროპულ სტანდარტს პასუხობს.

,, USAID- ს და ჯეოჰოსპიტალსის პარტნიორობით ინერგება საქართველოში , ინოვაციური დიპლომისშემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ევროპულ სტანდარტებს , რაც მნიშვნელოვანია რეგიონალურ ჭრილში , როგორც საგანმანათლებლო კუთხით ასევე დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.ამავდროულად ეს შესაბამისობაშია იმ სტრატეგიასთან რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების შემოღება.“- აღნიშნა USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა.

პრეზენტაციის მსვლელობისას მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ის გარემოება, რომ საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ის ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯეოჰოსპიტალსის ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი, ასევე, ეთნიკური უმცირესობებითაა წარმომადგენელი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ახალი პროექტის წარდგენას რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლების, ჯეოჰოსპიტალსის მენეჯმენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://bit.ly/3VBM1lf
https://bit.ly/3nBcT8z
https://bit.ly/3nxh9WK
https://bit.ly/3AUXuTN
https://bit.ly/3VyKM6m