ჯეო ჰოსპიტალსმა საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას უმასპინძლა
24 მარტს ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ნეიროკრიტიკული მედიცინის გამოწვევები“ გაიმართა.
ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა სპეციალისტებმა მედიცინის ამ მიმართულებით მიმდინარე გამოწვევებზე, მისი დაძლევის უახლეს გზებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების წამყვანმა ნევროლოგებმა, ნეიროქირურგებმა, რადიოლოგებმა და ანესთეზიოლოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენცია ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა გახსნა. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები, კლინიცისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, დარგში მიმდინარე სიახლეების თაობაზე გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ”ჯეო ჰოსოპიტალსი, როგორც განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტირებული კომპანია, მზად არის აქტიურად ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ყველა იმ სამეცნიერო თუ კლინიკურ პროცესს, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა. მანვე თავის გამოსვლაში კონფერენციის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებიც გააცნო და აღნიშნა რომ ტექნოლოგიებში ინვესტირება და სხვადასხვა მიმართულებით განვითარება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს და შესაბამისად, კომპანია და მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს სიახლეების გაზიარებას. „თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გახსნისთანავე, SIEMENS-ის ახალი MRT აპარატით აღიჭურვა, რაც პაციენტებს კვლევის უფრო მეტი სიზუსტით და კომფორტულად ჩატარების საშუალებას აძლევს. მაღალტექნოლოგიური აპარატურით განახლების პროცესი მთელი ქსელის მასშტაბით გრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან თანხვედრაში საბოლოოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა. სწორედ ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა ნეიროქირურგმა და აშშ-ის ნევროლოგთა ასოციაციის წევრმა მანიშ ვაიშიმ, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად ინდოეთიდან, დელიდან ჩაერთო. მან ისაუბრა ტექნოლოგიური ჩართულობის როლზე თავის ტვინის ქირურგიის შედეგების გაუმჯობესებაში.
როგორც უცხოელმა კოლეგამ აღნიშნა, ქართველ მედიკოსებთან ერთად ნევროლოგიის დარგში არსებული სიახლეების განხილვა და ამ მიმართულებით მათთან ერთად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.მანვე მოხსენების დასრულებისთანავე ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის და ჩართულობის შესაძლებლობისთვის.
საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მომხსენებლები სხვადასხვა თემებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. მწვავე ინსულტის ამოცნობის, სიმძიმის შეფასებისა და დროული მართვის შესახებ წარმოადგინა თავის პრეზენტაცია ნევროლოგმა და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრმა კახაბერ ახვლედიანმა.
„როგორც ჯეო ჰოსპიტალსში, ისე სხვა ინსულტისთვის მზადყოფნაში მყოფ კლინიკებში ეს მიმართულება იხვეწება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. ჩვენი მთავარი მიზანია, პაციენტს დავხვდეთ მზად და ჯეო ჰოსპიტალსის მთელ რიგ კლინიკებში ეს მზადყოფნა უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, დაინერგოს მისი დროული ამოცნობისა და სწორად გადამისამართების პრაქტიკა, რაშიც ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს“, – განმარტა, კონფერენციის დასასრულს ჯეო ჰოსპიტალსის ნევროლოგიური მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ ახვლედიანმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს პარკინსონიზმისა და ექსტრაპირამიდული აშლილობების საზოგადოებისა და EAN – ევროპის ნევროლოგიის აკადემიის წევრია.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წამყვანმა ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ, თავის მოხსენებაში ცენტრალური ნერვული სისტემის რთული ლოკალიზაციის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებზე ისაუბრა და აუდიტორიას კლინიკური გამოცდილება გაუზიარა.
მისი თქმით, აღნიშნულ და სხვა საკითხებზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეკრება და გამოცდილებისა თუ გამოწვევების გაზიარება სიახლეების დანერგვის პროცესში დიდ როლს თამაშობს.
„საქართველოში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბოლო წლებში დიდი გარღვევა გვაქვს, რადგან ფუნქციონირებს ბევრი კლინიკა, რომლებიც ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას კონკურენციას გაუწევს. მეორე საკითხია არსებული ტექნოლოგიური სერვისების გამოყენება ანუ მათი სრულყოფილად ფლობა, რაც ასევე შეიძლება ითქვას, რომ დაძლეული პრობლემაა და მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზეც მუშაობა და მისი დახვეწა. ჯეო ჰოსპიტალსიც, რა თქმა უნდა, პასუხობს ამ გამოწვევებს, მუდმივად ვითარდება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ადამიანური ფაქტორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია იმ ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ამ სფეროში“, – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ.
საკუთარი გამოცდილება და დარგში არსებული სიახლეები გაუზიარეს კოლეგებს ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, პროფესორმა, თურქეთის ბავშვთა ორთოპედიის ასოციაციის თავმჯდომარემ და ევროპის ბავშვთა ორთოპედიის ასოციაციის წევრმა ჰასან ჰილმი მურატლიმ. ნეიროქირურგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, ამერიკის ნეიროქირურგიის ასოციაციისა და ევროპის ნეიროქირურგთა საზოგადოების წევრმა მირზა ხინიკაძემ, რადიოლოგმა, ESR – ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების წევრმა ირმა ბერიშვილმა.
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დროს უსაფრთხო ანესთეზიის თავისებურებებზე ისაუბრა, ჯეო ჰოსპიტალსის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ. კოლეგებს დისტანციურად გააცნეს საკუთარი სამეცნიერო კვლევები უცხოელმა პროფესორებმა. კონფერენციის მიმდინარეობისას არაერთი ჩართვა განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან წამყვანი სპეციალისტების მიერ.
საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით ყოველწლიურად გაიმართება საქართველოში. მისი მიზანია კლინიცისტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სამედიცინო პროექტების განხორციელება.