ჯეო ჰოსპიტალსს KTQ და ISO-9001-ის
საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა

17 იან, 2025

ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა ჯეო ჰოსპიტალსის ყველა კლინიკამ და ამბულატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რის შედეგადაც საქართველოს 5 რეგიონში მოქმედი 25 სამედიცინო დაწესებულება აკრედიტებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატს და ISO-9001-ის მფლობელია.

15-დღიანი მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა კომპანიაში მართვისა და სერვისების მიწოდების ხარისხი;

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით ჯეო ჰოსპიტალსი უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.

საერთაშორისო აუდიტორებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში საექთნო სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი, მართვის მოქნილი პროცესები, სამედიცინო და კლინიკური გუნდის ეფექტურობა.

მონიტორინგის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, რომელმაც თვეების განმავლობაში KTQ-ს ხარისხის დანერგვის პროცესის წარმატება უზრუნველყო.

აკრედიტაციისთვის მზადების პერიოდში კლინიკური გუნდის მიერ განახლდა და დაინერგა კარგ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ქსელური სტანდარტები;

,,ჯეო ჰოსპიტალსი, როგორც განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, გუნდთან ერთად ზრუნავს შექმნას ქვეყანაში დასავლური სტანდარტების ჯანდაცვის სერვისები. დღევანდელი შედეგი და დანერგილი ყველა უმაღლესი ხარისხის სტანდარტი ემსახურება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. გუნდური და დაუღალავი მუშაობის შედეგია დღევანდელი აღიარებაც, რომელიც ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ მონიჭებული აკრედიტაციით დასტურდება. აღსანიშნავია რომ, ჯეო ჰოსპიტალსმა KTQ აკრედიტაციის პროცესის პარალელურად წარმატებით გაიარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღირება და ISO-9001 სერტიფიკატი მოიპოვა. მადლობ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც ეს შედეგი დადო და ერთგულ ჯარისკაცებად რჩებიან შეუქცევადი პროგრესის პროცესში” – აღნიშნა ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვასაძემ.

კომპანია(KTQ) “თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსფარენტობისა და ხარისხისთვის“ სერტიფიკატის მიღება ნიშნავს მდგრად განვითარებას, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადამიანური რესურსების განათლების მაღალ დონეს, ინტეგრირების მაღალ ხარისხს პარტნიორ ევროპულ სამედიცინო ცენტრებთან.

ჯეო ჰოსპიტალსის ქსელისთვის მინიჭებული საერთაშორისო სერტიფიკატი აერთიანებს და აღიარებს ქსელში დანერგილ და მოქმედ ღირებულებებს:

პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება,მართვა/ხელმძღვანელობა, თანამშრომლებზე ორიენტაცია, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხარისხი და კლინიკური რისკის მართვა.

 ჯეო ჰოსპიტალსი ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე მსხვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც სრული სამედიცინო სერვისების განვითარებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით რეგიონის მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდა.

ჯეო ჰოსპიტალსის პროფესიონალთა გუნდი 24/7 ზრუნავს #თქვენიჯანმრთელობისთვის.