მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის “ჯეო -ჰოსპიტალსის” სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
,,მარნეულის მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული მიმართულების დარბაზი ბევრ შესაძლებლობებს აჩენს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც; მათ საშუალება აქვთ სხვადასხვა კომპლექსური სამედიცინო მომსახურება მიიღონ , როგორიცაა ტრავმული, იშემიური თუ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რაც ხანგრძლივ პროცესს მოიცავს“-განაცხადა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ, მანვე აღნიშნა რომ ცენტრის ამოქმედებისთანავე , მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია ,რაც ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსით მიღებულმა შედეგებმაც განაპირობა. ,, ოპერაციული ჩარევის გარეშე , გახსნიდან რამდენიმე თვეში ათეულობით მოზარდმა მიიღო სხვადასხვა ტიპის სამკურნალო მომსახურება, მათთვისაც კი წარმოუდგენელი შედეგით , ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ასაკში და დროულად დავიწყოთ მკურნალობა სასურველი შედეგის მისაღებად „-აღნიშნა რეაბილიტოლოგმა მამუკა წერდიანმა, რომელიც მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსში“ მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრში თბილისიდან მოწვეული სპეციალისტის რანგში იღებს პაციენტებს. პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მარნეულში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის თაობაზე.