მორიგი წარმატებული თრომბოლიზისი გურჯაანის სამედიცინო კლინიკაში
67 წლის მამაკაცი, რომელიც ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მწვავე ინსულტის დიაგნოზით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, წარმატებული თრომბოლიზისის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და საკუთარ სახლში დაბრუნდა.
პაციენტს კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა დიზართრიული მეტყველება, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი და გონების დაბინდება. მიმდინარე ანამნეზის შეკრების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტს ინსულტი განუვითარდა კლინიკაში შემოყვანამდე დაახლოებით 1 საათის მსვლელობაში. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა თავის ტვინის CT კვლევა, მიღებული დასკვნისა და პაციენტის მიმდინარე ანამნეზიდან გამომდინარე დადგა საკითხი თრომბოლიზისის ჩატარების აუცილებლობაზე.
ჯეო ჰოსპიტალსის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კახა ახვლედიანთან შეთანხმებით და მისი უშუალო თანამონაწილეობით (ექიმები ვალერი გელაშვილი, მაია მღებრიშვილი, ანა ჩახვაშვილი) ჩატარდა თრომბოლიზისი შესაბამისი დოზებით. პროცედურის მსვლელობაში პაციენტს მეტყველება და მოძრაობა კიდურებში სრულად აღუდგა, პროცედურამ ჩაიარა გართულებების გარეშე. 67 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლს დაუბრუნდა.