ნათია ნოღაიდელი: ,,ახალი საკანონმდებლო ცვლილებების  მიზანი , ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯებესებაა“ 

11 ნოე, 2023

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საფუძველზე საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება.საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

 სიახლე მიზნად ისახავს  სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კანონპროექტის  თანაავტორი და სამუშაო ჯგუფის წევრია    ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარების და ხარისხის დეპარტამენტის უფროსი ნათია ნოღაიდელი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით  იყო ჩართული სამუშაო პროცესში.  რა გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემაზე  და რა სიახლეებს  ითვალისწინებს ცვლილებები , ამის შესახებ ნათია ნოღაიდელმა ბიემჯის  ,,საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

სიახლე ითვალისწინებს  ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციების დადგენას, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.ასევე, მნიშვნელოვანია, ის შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც   მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს( 2020 წლის პირველ იანვრამდე მინიჭების შემთხვევაში), სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და სამი წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

,,უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემა , რომელიც ჩვენი ქსელის ფარგლებში შევქმენით , ექთნებს შესაძლებლობას აძლევს უფასო წვდომა ჰქონდეთ ისეთ პროგრამებზე , რომელიც მათ პროფესიული უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ. USAID -თან ერთად ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ    ევროპული სტანდარტის საექთნო პერსონალის მომზადებას, მთლიანობაში ახალი ცვლილებები და მსგავსი პროექტები ხელს უწყობს  ჯანდაცვის სექტორის   გაძლიერებას  და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდას“-აღნიშნა საუბრისას ნათია ნოღაიდელმა.  კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო წელს დაამტკიცებს.

https://rb.gy/c6x2ll