ნინა კობახიძე : ,,შეიმჩნევა მცირე სტაბილიზაცია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა ჯერ კიდევ დიდია“

16 დეკ, 2020

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ პრემიერთან გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , რომლის ფარგლებშიც მთავრობის მეთაური Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებისგან ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ იღებს ინფორმაციებს.

შეხვედრაზე ნინა კობახიძემ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში მობილიზებული დამატებითი საწოლფონდისა და კოვიდინფიცირებულების მართვის მიმდინარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.ამავდროულად ყურადღება გაამახვილა არსებული შეზღუდვების ეფექტურობაზე ,რამაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის ნიშნები გააჩინა . მისივე თქმით აუცილებელია, ამ ეფექტის შენარჩუნება , რომ შემსუბუქდეს ჰოსპიტალურ სექტორზე არსებული დატვირთვა.

,,ჩვენ ყოველ კვირეულად თათბირებზე ვმსჯელობთ – რამდენი პაციენტი გვყავს მართვის სუნთქვაზე, როგორ შეგვიძლია რეგიონის მიხედვით კლინიკებისა და კოვიდ სასტუმროების გადანაწილება მოვახდინოთ სწორად. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელმა, მორიგ ეტაპზე დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოვახდინოთ კოვიდპაციენტების მართვა და ასევე, ამბულატორიის ქსელის მეშვეობით უკვე ბინაზე დარჩენილი პაციენტების სწორი მართვა განვახორციელოთ. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებული ვართ, რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს ვცვლით. იმედს ვიტოვებთ, რომ სტაბილიზაციის პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან“-განაცხადა ნინა კობახიძემ , რომლის თქმითაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქება და ვირუსის გავრცელების პრევენცია ასევე, დამოკიდებულია მოსახლეობის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და რეგულაციების დაცვაზე .

შეგახსენებთ , რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ეპიდსიტუაციის კრიტიკულად დამძიმების ფონზე , რეგიონებში არსებულ კლინიკებში კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის დამატებითი საწოლფონდის მობილიზაცია მოხდა , საბაზისო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით კი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჰიბრიდული კლინიკების სტატუსით ფუნქციონირებს.