C ჰეპატიტის  მართვა

C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით

პროგრამის მოსარგებლე არიან:

• საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები;

• პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები /მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;

• „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – „აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები.

• პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

• „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები.

• ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს;

• ვეტერანები.

ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს:

• C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევის ჩატარებას;

• მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი დიგნოსტიკური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას;

• C ჰეპატიტის მკურნალობას;

• მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევებს.

პროგრამის დაფინანსების მეთოდოლოგია:

2019 წლის აგვისტოდან მკურნალობის მთელ კურსს, დიაგნოსტიკიდან მკურნალობის პროცესის ჩათვლით (მედიკამენტები, მონიტორინგის კვლევები), 100%-ით ფარავს სახელმწიფო.

მკურნალობა:

პროგრამის ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცემათ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ დონორული მხარდაჭერით მიღებული უახლესი თაობის  პანგენოტიპური ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც, წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები უფასოდ იღებენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში-სააგენტო) მიერ შესყიდულ დამხმარე მედიკამენტს – რიბავირინი.

 C ჰეპატიტის პრევენცია მოიცავს:

• ვირუსის გავრცელების რისკის შემცველი ობიექტების  ინფექციურ კონტროლს;

• სილამაზის სალონების, ტატუ სალონების, სტომატოლოგიური კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მუდმივ მონიტორინგს.

როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და ვის უნდა მიმართოთ?

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დაიწყო დეცენტრალიზაციის პროცესი. ბენეფიციარებს ემსახურება 36 სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახური, პირველადი ჯანდაცვის და ზიანის შემცირების ცენტრები).

პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით და მიღებული აქვს დადებითი პასუხი (წარდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით, მიმართავს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, არეგისტრირებს პაციენტს C ჰეპატიტის მკურნალობის ერთიან ელექტრონულ სისტემაში („Elimination C“) და უზრუნველყოფს აქტიური ინფექციის კონფირმაციისთვის საჭირო კვლევის ჩატარებას. 

კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხების შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებელი კვლევის შედეგს აღრიცხავს „Elimination C” სისტემაში და ახდენს პაციენტთა ინფორმირებას დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების თაობაზე.

HCV რნმ/HCV core antigen პოზიტიურ პაციენტებს უტარდებათ:

• ექიმთან ვიზიტი;

• სისხლის საერთო ანალიზი;

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები)  და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;

• ღვიძლის ელასტოგრაფია, თუ FIB4 ქულა არის 1.45−3.25 მაჩვენებლებს შორის;

• HBsAg, HB Core total, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა (გარდა პჯდ და ზშც);

• ექიმთან ვიზიტი, მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა №IV-100/ა-ის  გაცემის მიზნით.

დიაგნოსტიკური კვლევების დასრულების შემდეგ, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ახორციელებს კვლევის შედეგებისა და ფორმა №IV-100/ა-ის დასკანირებული ვერსიის ატვირთვას „Elimination C’ სისტემაში  და შეტყობინებას პაციენტის რეგისტრაციის შესახებ აგზავნის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.

პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში“ პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისია“ (შემდგომში –კომისია), რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, C ჰეპატიტის პროგრამის მართვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი) და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ახდენს პაციენტთა ინფორმირებას სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, ხოლო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ახორციელებს პაციენტის ჩართვას პროგრამის მკურნალობის კომპონენტში.

 მკურნალობის პროცესში, პაციენტს უტარდება მონიტორინგის კვლევები:

• ექიმთან ვიზიტი;

• სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯის (ALT), ბილირუბინის (პირდაპირი და საერთო), კრეატინინის განსაზღვრა;

• ექიმის მიერ ხორციელდება დეპრესიის მონიტორინგი, მკურნალობის რეჟიმის დაცვის კონტროლი და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალ

“C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილება